გაერომ 100 საერთაშორისო თანამშრომელი ავღანეთიდან გაიყვანა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 100 საერთაშორისო თანამშრომელი ავღანეთიდან ყაზახეთში გადაიყვანა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს დროებით მიღებული გადაწყვეტილებაა.

„ეს დროებითი ღონისძიებაა და მიზნად ისახავს, გაერომ შეძლოს ავღანელი ხალხისთვის დახმარების გაძლიერება მინიმალური შეფერხებით. ამასთან ერთად, შემცირდეს გაეროს პერსონალის რისკი“ - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას, გაეროს პრესსპიკერი, სტივენ დუჟარიკი.

პერსონალი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, დროებით ოფისში განთავსდება და დისტანციურად მუშაობას განაგრძობს.

ასევე ნახეთ: ავღანეთი საქართველოს 6-მა მოქალაქემ დატოვა

ამ დრომდე, ავღანეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 300 საერთაშორისო და 3000 მდე ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავდა.

„აშკარა მიზეზების გამო, ეს არის წარმომადგენლობის შემცირების გზა“ აცხადებს ორგანიზაციის პრესსპიკერი. დუჟარიკის თქმით, ისინი ავღანეთში დაბრუნდებიან, როცა გაერო იგრძნობს, რომ „ვითარება ამის შესაძლებლობას შექმნის.“

მისივე თქმით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ავღანელი თანამშრომლების და მათი ოჯახების დასაცავად. თუმცა, ავღანეთში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი, ქეროლაინ ვან ბურენი აცხადებს, რომ ადგილობრივი პერსონალის ნაწილს ქვეყანაში დარჩენა სურს, ნაწილს კი, განსაკუთრებით ქალებს, ქვეყნის დატოვება.

ასევე ნახეთ: თალიბებმა საპროტესტო აქცია ძალადობრივად დაშალეს, არის მსხვერპლი

„განსაკუთრებით ქალები, ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან იმის გამო, შეძლებენ თუ არა მომავალში მუშაობას. მამაკაც თანამშრომლებს საკუთარი ქალიშვილების მომავალი აშფოთებთ - შეძლებენ თუ არა ისინი სკოლაში სწავლას. ზოგიერთი ქალისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ ვითარება ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. მაგრამ, ქალების უმრავლესობა აცხადებს, რომ თუ ქვეყნის დატოვება შეეძლებათ, ამას გააკეთებენ“ - აცხადებს ვან ბურენი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს, გახსნან საზღვრები და ავღანელებს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი არ უთხრან.

ასევე ნახეთ: აშშ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ყინავს

ვან ბურენი ამბობს, რომ ავღანელთა უმეტესობას, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის არ აქვთ სამოგზაურო დოკუმენტები, ან ვიზა. ამიტომ, ქვეყანა ბევრმა არალეგალური გზებით დატოვა. მისი თქმით, ამ გზით ქვეყანას კვირაში დაახლოებით 20 000-დან 30 000-მდე ადამიანი ტოვებს. ისინი ძირითადად ირანში, ან პაკისტანში მიემგზავრებიან.