ტრამპი 18 ივნისს საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთვება

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მხარდამჭერები მისგან 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში, რაც შეიძლება სწრაფად, ჩართვას ითხოვენ.

დონალდ ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტის პოსტი 2017 წლის იანვარში დაიკავა. მას შემდეგ მან არაერთხელ თქვა, რომ მეორე ვადით კენჭის საყრელად არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

ტრამპი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩევლებს ოფიციალურად 18 ივნისს, ფლორიდის შტატში გამართულ შეკრებაზე განუცხადებს. ოთხშაბათს პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ 20 000 ადამიანს შეეძლება, თუმცა ამ დრომდე უკვე 74 000 ათასზე მეტი მსურველის თხოვნაა დაფიქსირებული. მისი თქმით, ეს სხვა მასშტაბურ ღონისძიებებს შორის ყველაზე პოპულარულია. "შევხვდებით ფლორიდაში!" - წერს პრეზიდენტი.

ამ დრომდე 23-მა დემოკრატმა პოლიტიკოსმა განაცხადა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ. ისინი ამ ეტაპზე პარტიის მიერ ოფიციალური ნომინაციისთვის იბრძვიან და ყოველი მათგანი ცდილობს თავი იმ ადამიანად წარმოადგინოს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის დამარცხებას შეძლებს. გამოკითხვების თანახმად, მათ შორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლიდერობს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გაილაშქრა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა გამოსვლაში.