დონალდ ტრამპის მომხრეები დემონსტრაციებს გამართავენ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გეგმავენ ვაშინგტონში შეიკრიბონ და 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ. პრეზიდენტი ტრამპი დაუსაბუთებელად აცხადებს, რომ არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა და შედეგები გაყალბებულია. იგეგმება რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, "MAGA [გახადე ამერიკა ისევ დიადი] მილიონის მარში", "ქალები ტრამპისთვის" და დემონსტრაცია "შეაჩერე მოპარვა".

ხალხის რაოდენობა ამ დემონსტრაციებში, სავარაუდოდ, მცირე იქნება, თუმცა მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა კონსერვატიული მედია საშუალებების ცნობილი ფიგურები და თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ულტრა ნაციონალისტური ჯგუფები გამოდიან. ანალოგიური საპროტესტო მიტინგები და დემონსტრაციები იგეგმება აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებშიც.

ასევე ნახეთ: ბაიდენის არიზონაში გამარჯვებამ, ტრამპის მწირი შანსები კიდევ უფრო შეამცირა

ამ ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი უარს აცხადებს დამარცხება აღიაროს არჩევნებში და მის ოპონენტსა და ახლა უკვე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელისუფლება გადააბაროს.

პრეზიდენტმა "ტვიტერში" პარასკევს დაწერა, რომ "გულს მითბობს ასეთი დიდი მხარდაჭერა ქუჩებში. შესაძლოა მეც გამოვჩნდე და [ხალხს] მივესალმო" - თქვა მან.