ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა, რომ გეგმავს ჯორჯიის შტატის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ხუთშაბათს ატლანტაში ჩაბარდეს. ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან, რომ ამ შტატში 2020 არჩევნების შედეგის შეცვლა სურდა.
„ხუთშაბათს ჯორჯიაში, ატლანტაში წავალ რათა დამაპატიმრონ,“ განაცხადა თავის სოციალური მედიის პლატფორმა Truth-ზე ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო რბოლაშია ჩართული.
ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპი ამჯერად ჯორჯიის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგესადრე „სი ენ ენი“ იუწყებოდა, რომ ტრამპმა დაგეგმა ატლანტაში, ფულტონის საგრაფოს ციხეში ხუთშაბათს ჩაბარებოდა. თარიღი ტრამპის ადვოკატებსა და ფულტონის საგრაფოს პროკურატურას შორის, ორშაბათს შემდგარი მოლაპარაკების დროს დაადგინეს, რომელიც „სი ენ ენის“ თანახმად, გირაოთი გათავისუფლების პირობებზე ტრამპის თანხმობის გარშემო გაიმართა.
შტატის 98 გვერდიანი ბრალდება გასულ კვირაში გამოქვეყნდა. ტრამპს და კიდევ 18 ბრალდებულს სულ 41 კრიმინალურ შემთხვევაზე ედავებიან, რაც შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგის შეცვლის მცდელობას უკავშირდება.
ჯორჯიის შტატის საქმეში ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი ჯონ ისტმენიც ფიგურირებს, რომელიც ფულტონის საგრაფოს ხელისუფლებისთვის ჩაბარებას ოთხშაბათისთვის გეგმავს. ისტმენმა პროკურორ ფანი ვილისთან 100,000 დოლარის ოდენობის გირაოზე შეთანხმებას მიაღწია.
ჯორჯიის შტატის საქმე ტრამპისთვის მეოთხე ბრალის წაყენებაა. ნიუ-იორკის შტატში მარტში გაიმართება სასამართლო, რომელიც პორნო-მსახიობისთვის დუმილის სანაცვლო ფულის გადახდას ეხება და ჩანიშნულია ფედერალური სასამართლო, რომელიც ფედერალური საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხს განიხილავს.