უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 3 000-ზე მეტმა მოქალაქემ საქართველოში უძრავი ქონება შეიძინა - IPN

რუსი მოქალაქეების ჯგუფი საქართველოში, რომელთაც საზღვარი ზემო ლარსიდან გადაკვეთეს. 27 სექტემბერი, 2022 წ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის 3 319-მა მოქალაქემ შეიძინა საქართველოში უძრავი ქონება. მათგან 969 თბილისშია რეგისტრირებული. ეს მონაცემები იუსტიციის სამინისტრომ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 2 407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2 594 საცხოვრებელ ბინაზე.

21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის დატოვებას ცდილობს ათეულობით ათასი მოქალაქე. მათ შორის - სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.