"აშშ-ის მხარდაჭერის მტკიცე დემონსტრირებამ განამტკიცა ჩვენი გადაწყვეტილება თავდაცვის შესახებ“, - ტაივანის პრეზიდენტი

ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიულ ერთეულად თვლის, „ამერიკის მტკიცე მხარდაჭერის“ პირობებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე იწყებს მუშაობას. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი ავრცელებს. მისი თქმით, ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტებმა ტაივანში მათი გადაწყვეტილება, დაეცვათ კუნძული, კიდევ უფრო „განამტკიცა“

„მხარდაჭერის ამ მტკიცე დემონსტრირებამ განამტკიცა ტაივანის გადაწყვეტილება, დაეცვა საკუთარი თავი", - თქვა ტაივანის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში საუბრის დროს, რომელიც სოციალური მედიით გადაიცემოდა.

ჩინეთის შეშფოთებისა და კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, ტაივანში ჩავიდა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც კუნძულს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. პეკინის მუქარანარევი განცხადებებისა და ქმედებების გამო, რაც ტაივანის მახლობლად სამხედრო წვრთნებში გამოიხატა, პელოსის მიმართ როგორც რესპუბლიკელმა, ასევე დემოკრატმა კანონმდებლებმა მხარდაჭერა გამოთქვეს და გადაწყვიტეს, თავადაც სწვეოდნენ ტაივანს.

ტაივანში ჩავიდა ამერიკელი სენატორი მარშა ბლექბერნი, რომელმაც ტაივანის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. სენატორმა ტენესის შტატიდან, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრიცაა, ვიზიტისას თქვა, რომ ამერიკა და ტაივანი იზიარებენ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს.

Your browser doesn’t support HTML5

ტაივანი - ისტორიული ექსკურსი

რესპუბლიკელმა სენატორმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ტაივანს სურს შეიძინოს მეტი სამხედრო ტექნიკა ამერიკის შეერტებული შტატებისგან.

2017 წლის შემდეგ ტაივანმა ამერიკის სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში 18 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტის შეიარაღება მიიღო. რესპუბლიკელი სენატორი ბლექბერნი ამბობს, რომ პროცესი შენელებულია და შესყიდვების ტემპი უნდა გაიზარდოს.