აშშ და თურქეთი სირიის უსაფრთხოების საკითხზე მუშაობენ

შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ თურქეთთან ახალი შეთანხმება დაეხმარება დაძაბულობის შემსუბუქებას და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიასთან მიმართებაში ანკარის შეშფოთებას შეარბილებს, მიუხედავად იმისა, რომ თურქი ოფიციალური პირები ვაშინგტონს წინა შეთანხმებების დამუხრუჭებაში სდებენ ბრალს.

ამერიკელმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ოთხშაბათს, თურქეთის დედაქალაქში სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოაქვეყნეს.

შეთანხმება, თურქეთში ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დაარსებას და შემდგომ, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში “უსაფრთხო ზონის” შექმნის კოორდინაციას ითვალისწინებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა შეთანხმება დაახასიათა, როგორც გადამწყვეტი ნაბიჯი, თუმცა იქვე ითქვა, რომ მეტი მუშაობის საჭიროება არსებობს.

თურქი ოფიციალური პირები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ჯარების გადასროლით და რეგიონში სირიელი ქურთი ძალების წინააღმდეგ მოქმედებით იმუქრებოდნენ.

იმ ძალებმა, სირიის დემოკრატიული ძალების ქოლგის ქვეშ და ამერიკული მხარდაჭერით, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული დაჯგუფების თვითგამოცხადებული სახალიფოს დანგრევაში საკვანძო როლი ითამაშა. ამ ძალებს ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტაბილურობის შენარჩუნების და “ისლამური სახელმწიფოს” იატაკქვეშა ჯგუფების ამოძირკვის ძალისხმევაშიც.