სირიაში გატაცებულ ამერიკელ ჟურნალისტს ეძებენ

31 წლის ყოფილი სამხედრო ქვეითი აგვისტოში გაუჩინარდა
სირიაში გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტის მშობლებს წარმოდგენა არ აქვთ ვის ხელშია მათი ვაჟიშვილი. ამის შესახებ ოსტინ ტაისის დედ-მამამ ლიბანის დედაქალაქში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

31 წლის ყოფილი სამხედრო ქვეითი აგვისტოში გაუჩინარდა, როდესაც სხვადასხვა სააგენტოებისთვის სირიის სამოქალაქო ომის შესახებ აკეთებდა რეპორტაჟებს.

მაისში ტაისი სირიაში თურქეთიდან გადავიდა ყოველგვარი ვიზის გარეშე, საიდანაც მან რამდენიმე რეპორტაჟის გაკეთება მოასწრო. თავის მშობლებს უკანასკნელად ის 13 აგვსიტოს დაუკავშირდა.

ტაისი სექტემბერში გამოჩნდა ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც ის უცნობი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ არის დატყვევებული.

როგორც მამამისი მარკ ტაისი აცხადებს: „მე ვიცი, რომ ჩვენს გარდა კიდევ მრავალი ოჯახია გაუბედურებული მსოფლიოს ამ ნაწილში მიმდინარე მოვლენების გამო. ჩვენ თხოვნა იქნება მათ მიმართ ვის ხელშიც არის ამჟამად ოსტინი, რომ უახლოეს ხანში უვნებლად დაგვიბრუნონ ჩვენი შვილი.“

მარკ და დებრა ტაისს შვიდი შვილი ჰყავთ. ისინი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ცხოვრობენ. ტაისები ბეირუთში ჩავიდნენ, საიდანაც უფრო გაუადვილდებათ ოსტინის ადგილსამყოფელის დადგენა. დებრა ტაისი თავისი საყვარელი ვაჟიშვილის გამხნევებას ცდილობს: „ჩვენ შენზე ვლოცულობთ. დარწმუნებული იყავი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უვნებლად დაგაბრუნოთ სახლში.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ოსტინ ტაისი სირიის მთავრობას ჰყავს დატყვევებული, თუმცა, ინტერნეტში გამოჩენილი ვიდეოს მიხედვით ამის დამტკიცება შუძლებელია.

პრესკონფერენციის დროს ტაისები სირიის მთავრობას დაუკავშირდნენ, რომლის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ დამასკოს წარმოდგენა არა აქვს ოსტინის ადგილსამყოფელის შესახებ. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ტაისის გარდა, სირიაში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტია დაკარგული. ორი ჟურნალისტი, ბაშარ ფაჰმი და ცუნეტ უნალი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ალ-ჰურას ტელეკომპანიაზე მუშაობდნენ, როდესაც აგვისტოში ალეპოს შემოგარენში გაუჩინარდნენ.

ამერიკის მხარემ სირიის მთავრობას თხოვნით მიმართა, რათა ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება.