დამკვირვებლები მასშტაბურ შეტევას ადასტურებენ

ხელისუფლება და გაეროს დამკვირვებლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ
გაეროს დამკვირვებლები სირიის დასახლება -ტრემსეჰში- შევიდნენ და სოფელზე მიტანილი იერიში შეისწავლეს. ქვეყნის ხელისუფლება დაბეჯითებით უარყოფს აქტივისტების ცნობას ტრემსეჰში სამთავრობო არმიის მიერ განხორციელებული მასობრივი თავდასხმის და მსხვერპლის შესახებ. დამასკო აცხადებს, რომ პროვინციაში დაგეგმილ ე.წ. „თავდაცვით ოპერაციაში“ მხოლოდ 2 მშვიდობიანი მოქალაქე და 37 შეიარაღებული პირი დაიღუპა.

გაეროს მისია ადასტურებს, რომ შეტევას მართლაც ჰქონდა ადგილი და მასში მრავალი სახის იარაღი იქნა გამოყენებული, მათ შორის სახელდება ნაღმმტყორცნები, არტილერია და ავტომატური იარაღი. კვირას დამასკოში გამართულ პრესკონფერენციაზე სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯიჰად მაკდისიმ, ცნობა ტანკების, ვერტმფრენების და მძიმე შეიარაღების გამოყენების შესახებ კატეგორიულად უარყო.

სპიკერი შეტევის განხორციელებას და მსხვერპლს ადასტურებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ სოფელ ტრემსეჰში არ მომხდარა შეტევა შეუიარაღებელ, უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე. არამედ ეს იყო რიგითი შეტაკება მთავრობის ძალებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: დამკვირვებლები მასშტაბურ შეტევას ადასტურებენ


გაეროს დამკვირვებელთა მისიის სპიკერი, სიუზან გოშე აცხადებს, რომ სოფელში ვიზიტის მიუხედავად მათი შესაძლებლობები საკმაოდ ლიმიტირებულია.

„როდედსაც ჩვენ ტრემსეჰში შევედით, მომხდარის მიხედვით მხოლოდ ის დასკვნა გამოვიტანეთ, რომ შეტევა განხორციელებული იყო სპეციფიური ჯგუფების, სახლების, არმიის დეზერტირების და აქტივისტების წინააღმდეგ. როგორ დაიწყო თავდასხმა, ან ვინ დაიწყო - ამ ნაწილზე ჩვენ განცხადებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ინფორმაციის შემოწმების საშუალება არ გვაქვს“ - აღნიშნავს გაეროს წარმომადგენელი.

გაეროს მისიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი -რობერტ მუდი- აცხადებს, რომ თავიდან დამკვირვებელთა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ჰამას პროვინციაში სოფელ ტრემსეჰთან შორიახლოს იმყოფებოდა, თავდასხმაში ვერტმფრენების მონაწილეობას შეესწრო და ამ ფაქტს გარკვევით ადასტურებს. ისინი სოფლის საგუშაგოებთან სირიული სამთავრობო არმიის ქვედანაყოფთა შეჯგუფების მომსწრეც გახდნენ.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში შევიდა და გაეროს დამკვირვებლებს სოფელში შესვლის საშუალება მიეცათ, მათ ქუჩებში და სახლებში უამრავი სისხლის გუბე და შხეფები იხილეს. ასევე დაათვალიერეს გადაბუგული სკოლა და რამდენიმე დამწვარი სახლი. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

16 ივნისს, ერთი თვის წინ გაეროს მისიამ სირიაში 300 შეუიარაღებელი თანამშრომლის მუშაობა უსაფრთხოების მოსაზრებით შეაჩერა. სოფელ ტრემსეჰში დამკვირვებელთა ჩასვლა იყო პირველი ღონისძიება, რომელიც მონიტორინგის მისიამ მუშაობის აღდგენის შემდეგ განახორციელა. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძალადობის ესკალაციის მიუხედავად, გაერო ჰუმანიტრულ მისიას აგრძელებდა, სტუმრობდა საავადმყოფოებს, სკოლებს, იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებს და მათ დახმარებას ცდილობდა.

ამ კვირის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭომ მისიის ფუნქცია და შემდგომი ბედი უნდა განსაზღვროს.

საგანგებო დესპანის, კოფი ანანსის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ შეეცდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებას. მოსკოვი სირიასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დაბლოკვას აგრძელებს. რუსეთი სირიის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ვეტოს ადებს და გაეროს დამკვირვებელთა მისიის კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას ითხოვს. ამ ნაბიჯს მოსკოვი იმით ამართლებს, რომ სანქციები მისიის მუშაობას ხელს შეუშლის და ბრძოლის შეწყვეტა აღარ მოხდება.

ამასობაში სირიაში ძალადობის ესკალაცია გრძელდება. ბოლო 16 თვის მანძილზე იქ თითქმის 16 ათასი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე თვის წინ გაერომ მსხვერპლის დათვლა საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტის იქ ყოფნის გამო მონაცემთა გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებით არ ხერხდება.