ასადის სატელევიზიო ინტერვიუ „რაშა თუდეი“ -სთან

ბაშარ ალ-ასადი სირიელი ხალხის და არმიის ფართო მხარდაჭერაზე საუბრობს
სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან დაპირისპირების გამო საკუთარ ხალხთან პრობლემა არ აქვს. ბაშარ ალ-ასადი სირიელი ხალხის და არმიის ფართო მხარდაჭერაზე საუბრობს, მაშინ როცა მისი სამხედრო ოფიცრები თურქეთში გარბიან, ქვეყანაში კი ძალადობის ესკალაცია გრძელდება.

სატელევიზიო ინტერვიუ დღეს არხით - „რაშა თუდეი“ (Russia Today) გადაიცა. პრეზიდენტი ასადი უარყოფს, რომ 19-თვიანი ამბოხი და სამოქალაქო ომი სირიაში სწორედ მისი მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარეობს. „თუ სირიელი ხალხი მიპირისპირდება, მაშინ როგორღა ვარ აქ,“ - კითხულობს ის და ბრალს ქვეყანაში არსებულ უთანხმოებებზე ოპოზიციას დებს, რომელსაც დასავლეთი და ზოგიერთი არაბული ქვეყანა, მათ შორის თურქეთიც უჭერს მხარს.

თურქული სახელმწიფო საინფორმაციო წყაროების მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, ქვეყანას პრეზიდენტ ასადის არმიიდან სულ ცოტა 26 ყოფილი სამხედრო ოფიცერი აფარებს თავს. მათ შორის 2 გენერალი და 11 პოლკოვნიკია. ხუთშაბათს, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, თურქეთის საზღვარი 8 ათასმა სირიელმა დევნილმა გადაკვეთა. მათი რაოდენობა თურქეთში ამჟამად 120 ათასს აჭარბებს.