ყველაზე მდიდარი ვარსკვლავები

მადონამ 125-მილიონიანი მხოლოდ ერთი, გასული წლის მოგებით ყველა სხვა ცნობილ სახეს გაასწრო
55 წლის მადონას ფანები არ ელევა. მხოლოდ ერთ წელიწადში, გასული წლის ივნისიდან წლევანდლამდე, 125-მილიონიანი მოგებით მან ყველა დანარჩენ ვარსკვლავს გაასწრო. მონაცემები 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების შესახებ ჟურნალ „ფორბსში“ გამოქვეყნდა.

თანხა ძირითადად ალბომის Material Girl მსოფლიო ტურნეზე შეგროვდა. კონცერტზე ბილეთი ძვირი ღირს, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, ამბობს ჯონ სიმსონი, ამერიკის უნივერსიტეტის ბიზნესის და გართობის ინდუსტრიის პროგრამის დირექტორი.

„ტურნეზე ბილეთის ფასის გამო ბევრად დიდი ფული კეთდება. ხალხი მზად არის ორიოდსაათიან გართობაში 200 დოლარი გადაიხადოს. არადა, 20 წლის წინ ეს სულ 20 დოლარი დაუჯდებოდათ“ - აღნიშნავს პროფესორი სიმსონი.

100-მილიონით მეორე ადგილზე რეჟისორი სტივენ სპილბერგი გავიდა. 2013 წელს მოგება მას ძირითადად ძველმა ფილმებმა მოუტანა, როგორიცაა „ი-თი“ და „ჯურასიკ პარკი“. პროფესორ სიმსონის თქმით, დიდი ათეულის უმეტესობა ან ამერიკელია, ან აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს.

„შეერთებულ შტატებს უნიკალური უნარი აქვს გასართობ ბიზნესში ისეთი პროდუქტი შექმნას, რომელიც მთელ მსოფლიოში უდიდესი წარმატებით იყიდება. ჰოლივუდის ფილმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პოპულარული მუსიკის 30-დან 50 პროცენტამდე ამერიკაში იწარმოება“ - ამბობს ექსპერტი ამერიკის უნივერსიტეტიდან.

95 მილიონით მესამე ადგილზე მედიის გურუ, საიმონ ქაუველია, ტელე-კონკურსების ავტორი. შემდეგ: ჰოვარდ სტერნი და ბრიტანელი მწერალი ი-ელ ჯეიმსი, ბესტსელერის - „ნაცრისფრის 50 ელფერი“ - ავტორი. ოპრა უინფრი, გასული წლის ლიდერი, მე-9 ადგილზე გავიდა, შედარებით მცირე, 77-მილიონიანი შემოსავლით. მადონას კოლეგა, ლედი გაგა „ფორბსის“ სიაში მე-7 ადგილს დასჯერდა. მისმა მოგებამ გასულ წელს 80 მილიონი დოლარი შეადგინა. პროფესორ სიმსონს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, მომხმარებელი, როგორც ჩანს, გართობის ინდუსტრიას მაინც წყალობს.

„ძალიან გვიყვარს ამბების მოსმენა. გამუდმებით ვყვებით სხვადასხვა ისტორიებს. კარგ მთხრობელს რომ აღმოვაჩენთ, სიმღერის ავტორია ეს, ფილმის, თუ წიგნის, ვიხიბლებით და ამისთვის ფული არ გვენანება“ - განმარტავს ჯონ სიმსონი.

და ბოლოს: სიაში მხოლოდ ერთი სპორტსმენი აღმოჩნდა. ეს არის გოლფის ამერიკელი ჩემპიონი ტაიგერ ვუდსი, რომელიც მე-8 ადგილს კინოპროდიუსერ ტაილერ პერისთან ერთად იყოფს.