ჩანაწერის მიხედვით, შერემეტის მკვლელობას ბელარუსის პრეზიდენტი გეგმავდა

"რადიო თავისუფლების" ბელარუსული და უკრაინული სამსახურები ბელგიურ გამოცემა "იუობსერვრესა" და "ევროპიესკა პრავდაზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, ბელარუსის საიდუმლო სპეცსამსახური პრეზიდენტ ლუკაშენკოს დავალებით, განიხილავდა ჟურნალისტ პაველ შერემეტის აფეთქებას.ამ გამოცემებს ხელში ჩაუვარდა 2008-2012 წლებში ბელარუსის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ვადიმ ზაიცევის საუბრის ჩანაწერი.

ასევე ნახეთ: დუნია მიატოვიჩი უკრაინელი ჟურნალისტის მკვლელობას ეხმაურება

ჩანაწერში, რომელიც "რადიო თავისუფლების" ცნობით ფარული მოწყობილობით არის გაკეთებული 2012 წლის აპრილში, განიხილება ჟურნალისტ პაველ შერემეტის მოკვლის მეთოდი. ბელარუსი მინისტრი იძლევა დავალებას, რომ ააფეთქონ იმხანად რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და საზოგადოების თვალწინ, საჯარო ადგილზე.

ჟურნალისტებს ეს აუდიოჩანაწერი და სხვა მასალები გამოსაძიებლად გადასცა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ რაზმის ყოფილმა მოადგილემ იგორ მაკარმა.

ასევე ნახეთ: უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტი ააფეთქეს

ბელარუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო ჩართულობისთვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მოხალისეები - ქირურგი, მუსიკოსი და სამხედრო მედდა.

ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ.