სენატის ანგარიში რუსეთის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის ახალ დეტალებზე საუბრობს

ორპარტიული ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით, ასკვნის, რომ მოსკოვი წარმატებით იყენებდა აქტიურ ზომებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის წევრებზე.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარე პოლ მანაფორტი „კონტრდაზვერვის დიდ საფრთხეს“ წარმოადგენდა იმის გამო, რომ ის კრემლთან დაკავშირებულ პირებთან ურთიერთობდა. ანგარიში ასევე ამბობს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულ გამოძიებას ნაკლოვანებები აქვს.

ასევე ნახეთ: მორიგი სანქციები რუსული "ტროლების ქარხნის“ დირექტორს და შეფასებები ვაშინგტონიდან


ეს კომიტეტის მეხუთე ანგარიშია, რომელზეც მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაშიც ასობით მოწმის ჩვენების მოსმენა და მილიონზე მეტი ფურცლის შესწავლა შედიოდა.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მოქალაქეების ურთიერთობაზე ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებთან. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურები, სავარაუდოდ, იყენებდნენ ისეთ ონლაინ ორგანიზაციებს, როგორიცაა „ვიკილიქსი“ იმისთვის, რომ მათთვის სასურველი ინფორმაცია გაესაჯაროებინათ. კომიტეტს მიაჩნია, რომ ვიკილიქსმა შესაძლოა იცოდა, რომ „ის რუსეთის დაზვერვის სამსახურის გავლენის ძალისხმევას ეხმარებოდა.“

ანგარიში ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლები საკუთარი სურვილით თანამშრომლობდნენ რუსეთთან. თუმცა ისევე საუბრობს იმაზე, რომ კამპანიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი წევრი ინდიფერენტული იყო იმ ფაქტის მიმართ, რომ დახმარება შესაძლოა კრემლისგან მოდიოდა.