რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო წვრთნები ერთდროულად გამართეს 

ოთხშაბათს, რუსეთმა და უკრაინამ ერთდროული სამხედრო წვრთნები გამართეს მაშინ, როცა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე განხილვების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ უკრაინის საზღვართან მომხდარი რუსეთის პროვოკაციული ქმედებები იყო. ბრიუსელში მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ პირველად, რუსეთს უკრაინის საზღვართან დიდი შეიარაღება გადააქვს.

როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში მდებარე ნატოს ცენტრალურ ოფისში, შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის მიერ დაწყებული ესკალაციის გამო. დასავლეთში ამბობენ, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის საზღვართან რუსეთის ასეთი მკვეთრი ქმედებები არ დაფიქსირებულა. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

უახლოეს დღეებში, შავ ზღვაში ორი ამერიკული ხომალდი უნდა ჩასულიყო, რასაც მოსკოვში მწვავე რეაქცია მოჰყვა. კრემლში ამბობენ, რომ ამერიკის საზღვაო ნაბიჯი არამეგობრულია. მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს "თავი შორს დაიჭიროს ყირიმიდან და შავი ზღვის სანაპიროდან". რუსეთი სამხედრო წვრთნების გაგრძელებას მომდევო ორი კვირის განმავლობაში გეგმავს. შავ ზღვაში კრემლმა უკვე ჩაიყვანა კასპიის ფლოტიც.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთი სამხედრო წვრთნებს იწყებს

მაშინ როცა რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, წვრთნებს გადიან უკრინელი სამხედროებიც. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სატანკო და ქვეითი იერიშების მოგერიების ოპერაციები ჩაატარეს. წვრთნები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საზღვრებთან ახლოს მიმდინარეობს. უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთი ყირიმში ბირთვული იარაღის შენახვას აპირებდა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჰყავს 110 000 სამხედრო 56 ბატალიონის ზომის ტაქტიკურ ჯგუფებში.

ჩავა თუ არა შავ ზღვაში ორი ამერიკული ხომალდი, ეს ამ დრომდე უცობია. სააგენო "როიტერი" თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკული გემები შავ ზღვაში აღარ ჩავლენ. აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროები აცხადებენ, რომ როგორც ჩანს, თურქეთის მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული თავდაპირველი შეტყობინება, რადგან შავ ზღვაში გემების გაგზავნის გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ საბოლოოდ დადასტურებული არ ყოფილა.

ასევე ნახეთ: ვაშინგტონი მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს

წყაროების განმარტებით, აშშ თურქეთს ხშირად ატყობინებს შავ ზღვაში გემების პოტენციურ შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გემებს აუცილებლად გააგზავნიან და უფრო იმის გარანტიაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხომალდები უპრობლემოდ შეძლებენ აკვატორიაში შესვლას.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკული და თურქული წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე, აშშ შავ ზღვაში გააგზავნის სამხედრო გემებს და ეს იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება.