რა ბედი ეწევა რუსულ ოპოზიციას?

4 აპრილს რუსეთში პოლიტიკურ პარტიათა დარეგისტრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი მოიხსნა. ახალი პარტიის შესაქმნელად ამჯერად 40 ათასი მხარდამჭერის ნაცვლად 500 ხელისმოწერაც საკმარისი ხდება.

ცვლილებამ მაშინვე უამრავი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას მისცა ბიძგი. ახლა რუსეთში ისეთი პარტიები რეგისტრირდება, როგორიცაა „სიყვარულის“, ან „ლუდის მოყვარულთა“ პარტია. რუს ამომრჩევლს შეუძლია ხმა მისცეს „სუბტროპიკულ რუსეთს“ ან „სოციალური ქსელების გვერდებს“. დარეგისტრირების რიგში დგანან „ათი მცნება“ და „კეთილი რუსები“.

მარკ ფეიგინი, რომელიც აქამდე პარტიის შექმნაზე ოცნებობდა, ახლა თვლის, რომ მის მიზანს ხელს ვეღარაფერი შეუშლის:

„ჯერ სახელი არ შემირჩევია, მაგრამ ეს იქნება მემარჯვენე, ლიბერალური ორგანიზაცია, უფრო ცენტრისკენ გადახრილი და თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი “ - ამბობს ის.

რუსეთში ტემპერატურა როგორც იქნა ყინვის ნიშნულს გაცდა. პოლიტიკური დათბობაც დმიტრი მედვედევის მიერ რეფორმების შესახებ გაკეთებულ იმ სამ დაპირებას შორისაა, რომელთა შესრულებაც პრეზიდენტმა დემონსტრანტებს ჯერ კიდევ დეკემბერში აღუთქვა.

ერთ თვის განმავლობაში პრეზიდენტი ძალაუფლებას ხელახლა არჩეულ ვლადიმერ პუტინს გადაულოცავს. ახლა მთავარი კითხვა, რომელიც ოპოზიციას აწუხებს, არის: შეასრულებს თუ არა მედვედევი დარჩენილ ორ დაპირებას, რომელიც პოლიტიკურად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. პირველი - ეროვნული ტელევიზიისთვის კრემლის ცენზურის მოხსნა და მეორე - ადგილობრივი არჩევნების დანიშნვის უფლება, რომელიც რეგიონებს საშუალებას მისცემს ლიდერები თავად აირჩიოს.

რუსეთის პრეზიდენტმა უკვე დაიწყო არასასურველი გუბერნატორების გათავისუფლება. 4 აპრილს მათ სიას მურმანსკის ოლქის გუბერნატორი, დმიტრი დმიტრიენკო შეემატა. ოფიციალური ვერსიით დმიტრიენკო საკუთარი განცხადების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.

მის გაშვებასთან ერთად რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციების მინისტრის, სერგეი შოიგუს მოსკოვის ოლქის გუბერნატორად ნომინირების შესახებ გააკეთა განცხადება.

სერგეუ შოიგუს მინისტრებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. როგორც ჩანს, კრემლს იმედი აქვს, რომ პოპულარული ლიდერის დანიშნვით ის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნებს შეასუსტებს. მოსკოვის ოლქი ხომ რუსეთში ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. ვლადიმერ პუტინმა სწორედ მოსკოვში წააგო საპრეზიდენტო არჩევნები. ქალაქის მერის არჩევნებზეც 15-დან 10 რბოლა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიგეს.

ექსპერტების აზრით ახალი პარტიების დარეგისტრირების გაადვილება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ხრიკს უფრო წააგავს. მათი თქმით რუსეთის ოპოზიცია უამრავ პატარა პარტიად დაიყოფა, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ და მათი გაერთიანება სულ უფრო და უფრო რთული გახდება.

ამავე აზრისაა მარკ ფეიგინი, დუმის ყოფილი წევრი, რომელიც თვლის რომ საარჩევნო ერთიანი ბლოკების შექმნის ნაცვლად დუმაში დამკვიდრებისთანავე ოპოზიციის წევრები არაფორმალურ კოალიციებში გაწევრიანდებიან.

„მართლაც ცუდია, რომ შეუძლებელი გახდება საარჩევნო ბლოკების შექმნა. ისინი რა თქმა უნდა სხვადასხვა პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობების პოლიტიკურ ერთობას მეტად შეუწყობდნენ ხელს“ - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

გასულ კვირას მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე იაროსლავლში ქალაქის მერად 70-პროცენტიანი მხარდაჭერით დამოუკიდებელი კანდიდატი, კრემლის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ევგენი ურლაშოვი აირჩიეს. ის პუტინის „ერთიანი რუსეთის“ პარტიას შარშან გამოეყო და ქალაქის თავის არჩევნებში მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ამჟამად მოქმედი მერი დაამარცხა. მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი სტრატეგია კორუფციასთან ბრძოლას ემყარებოდა. იაროსლაველებს ურლაშოვი რეალურ ცვლილებებს, „კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან“ გათავისუფლებას და საჯარო სამსახურებში მკაცრ ფინანსურ კონტროლს დაპირდა.

იაროლსავლში მიმდინარე მერის არჩევნების დღეს ხელისუფლებამ მოსკოვში წითელი მოედანი გადაკეტა, რათა ოპოზიციის გამოსვლები შეეზღუდა. საპროტესტო აქცია კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც შედგა, რომელზეც პოლიციამ 55 მომიტინგე დააპატიმრა. ანალიტიკოსების აზრით პუტინს არც ისე მშვიდი და იოლი გაზაფხული ექნება, როგორსაც ის სავარაუდოდ ელოდა.