თავდაცვა, იარაღი, ავღანეთი - რუსეთისა და ინდოეთის ლიდერების განხილვის თემები

ვლადიმირ პუტინი და ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მათი საუბრის თემებს შორის იყო
ქვეყნების მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, თავდაცვა, იარაღი, ბირთვული ენერგია, ავღანეთში შექმნილი ვითარება და სხვა საკითხები. რუსეთის ლიდერი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ინდოეთს სტუმრობს. პრემიერმა მოდიმ თქვა, რომ ინდოეთისა და რუსეთის ურთიერთობა უნიკალურია და ერთგვარი სანდო მოდელიცაა. ამ სამიტის ფარგლებში მხარეები რამდენიმე შეთანხმებას აწერენ ხელს.

ასევე ნახეთ: ევროკავშირმა ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში საკუთარი გეგმა წარმოადგინა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის მიუხედავად, რუსეთი ინდოეთს ეს-400-ების სარაკეტო სისტემებს მაინც მიჰყიდის. ინდოეთმა რუსეთის სამხედრო სისტემების მიღება 2018 წელს გაფორმებული 5,4 მილიარდ დოლარის ღირებულების შეთანხმების საფუძველზე უკვე დაიწყო. ინდოეთი ამერიკის სანქციების სამიზნეც კი შეიძლება გახდეს.

ლავროვის თქმით, ეს-400-ების შესახებ შეთანხმება არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის ნაბიჯია, არამედ ინდოეთის თავდაცვის შესაძლებლობების გარანტიაც. ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარეები თანხმდებიან, რომ თალიბანმა ინკლუზიური და ეთნიკურად მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი მთავრობა უნდა შექმნას, დაიცვას ადამიანთა უფლებები და ტერორისტებისა და ნარკოტიკების გადაადგილება თავის ტერიტორიაზე არ დაუშვას. რუსეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ავღანეთის თაობაზე მნიშვნელოვანი პოზიციების მქონე ქვეყნებს, ამერიკას, რუსეთს, ჩინეთსა და პაკისტანს, ირანი და ინდოეთიც უნდა შეუერთდნენ.

ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მეორე საერთაშორისო ვიზიტი იყო. პირველი გასვლითი შეხვედრა მას ივნისში ჰქონდა, როდესაც ჟენევაში ჯო ბაიდენს შეხვდა.

საჰაერო სარაკეტო სისტემების, ეს-400-ების საკითხი წინააღმდეგობრივია ნატოს წევრებს შორისაც. მოკავშირეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს სისტემა რუსეთისგან თურქეთმაც შეიძინა.