სპეციალური გამომძიებელი დუმილს არღვევს

სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი წლის თავზე, პირველ საჯარო გამოსვლაში გამოაცხადა, რომ მისი ოფისი ფუნქციონირებას წყვეტს. ოთხშაბათს მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის რეგულაციების მიხედვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ იყო მისი ოფისის კომპეტენცია.

მარტში, მალერმა შეერთებული შტატების 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის და პრეზიდენტის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საკითხებზე 22 თვიანი გამოძიება დაასრულა.

საკუთარი გადაწვეტილების განმარტებისას, თუ რატომ არ გასცა რეკომენდაცია ტრამპის წინააღმდეგ ბრალდების წარდგენაზე, მიუხედავად მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შესაძლო შემთხვევებისა, მალერმა იუსტიციის დეპარტამენტის მოსაზრება გაიმეორა, რომ თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტს ბრალს ვერ წარუდგენენ.

“სპეციალური გამომძიებლის ოფისი იუსტიციის დეპარტამენტის ნაწილია და წესების მიხედვით, ის ექვემდებარება დეპარტამენტის პოლიტიკას“, - განაცხადა მალერმა. „პრეზიდენტის დადანაშაულება, ამის გათვალისწინებთ, არ იყო ვარიანტი, რომელიც ჩვენ შეგვეძლო განგვეხილა“, - თქვა მან.

სპეციალურმა გამომძიებელმა დაამატა, რომ მისი გადაწვეტილება არ წარედგინა ბრალი ტრამპისთვის, ნაწილობრივ იუსტიციის დეპარტამენტის მოსაზრებით იყო განპირობებული. მალერის თქმით, ეს მოსაზრება ეყრდნობა კონსტიტუციას, რომელიც "სისხლის სამართლის სისტემის მიღმა პროცესს მოითხოვს, რათა თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტს დანაშაულში ფორმალურად წარედგინოს ბრალი“. ის სავარაუდოდ, კონგრესის მიერ იმპიჩმენტის პროცედურაზე მიუთითებდა.

„და გარდა დეპარტამენტის პოლიტიკისა, ჩვენ ვმოქმედებდით სამართლიანობის პრინციპით“, - თქვა მალერმა. „არ იქნებოდა სამართლიანი, რომ ვინმეს დანაშაულში პოტენციურად ბრალი წაუყენო, როცა თავად ბრალდებაზე სასამართლო გადაწვეტილების მიღება შეუძლებელია“, - განმარტა მან.

ამასთან, მალერმა აღნიშნა, რომ მისმა გამოძიებამ “არასაკმარისი მტკიცებულება“ მოიპოვა, რათა ტრამპისთვის 2016 არჩევნების დროს „ფართო შეთქმულებაში“ ბრალი წარედგინა. გამოძიებაზე საუბრისას მან გაიმეორა სიტყვები, რომელიც საბოლოო დასკვნაშია ასახული: „ჩვენ რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ პრეზიდენტს ნამდვილად არ ჩაუდენია დანაშაული, ამას ვიტყოდით“.

მალერმა 448 გვერდიან კონფიდენციალურ ანგარიშში, რომელიც გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს გაუგზავნა, დაასკვნა, რომ მან ვერ იპოვა ვერანაირი მტკიცებულება პრეზიდენტ ტრამპსა და მოსკოვს შორის დანაშაულებრივი გარიგების შესახებ. თუმცა, მას არ გაუკეთებია ტრადიციული პროკურორული შეფასება იმაზე, შეუშალა თუ არა ხელი პრეზიდენტმა მართლმსაჯულებას, თუმცა აღნიშნა, რომ ის არც ამართლებდა პრეზიდენტს.

შედეგად, გადაწყვეტილების მიღების ტვირთი გენერალურ პროკურორს დაეკისრა, რომელმაც იუსტიციის დეპარტამენტის სხვა ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, წინააღმდეგობრივი ნაბიჯი გადადგა და გადაწყვიტა არ წაეყენებინა ბრალი პრეზიდენტისთვის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც რობერტ მალერმა მოიპოვა. ბარმა განაცხადა, რომ მან გადაწვეტილება იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის მიუხედავად მიიღო, რომლითაც თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტის ბრალს ვერ წარუდგენენ, მაშინ როცა მალერის გადაწვეტილებაში არ წაეყენებინა ბრალი, სწორედ ამ პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ბარის გადაწყვეტილებამ დემოკრატთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი გენერალურ პროკურორს მალერის დასკვნების არასწორ ინტერპრეტაციაში დებდნენ ბრალს და ითხოვენ, რომ სპეციალური გამომძიებელი კონგრესის წინაშე წარდგეს. მალერს კონგრესის წინაშე წარდგომის შესაძლებლობა არ გამოურიცხავს, თუმცა დემოკრატებს იმედი გაუცრუა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც კი, ის ანგარიშის მიღმა სხვა საკითხებს არ შეეხებოდა.

„ანგარიში ჩემი ჩვენებაა“, - თქვა მან. „კონგრესის წინაშე ნებისმიერი მოსმენისას, მე არ გავცემ იმის მიღმა ინფორმაციას, რაც უკვე საჯაროა", - განმარტა მან.

მალერი რუსეთის ჩარევის სპეციალურ გამომძიებლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2017 წლის მაისში პრეზიდენტმა ტრამპმა ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გადააყენა.

მალერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის იუსტიციის დეპარტამენტს ტოვებს. იქამდე, სანამ ის სპეციალური გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნებოდა, ის ვაშინგტონში "ვილმერჰეილის" იურიდიულ ფირმაში მუშაობდა.

მალერის პრესკონფერენციის შემდეგ თეთრა სახლმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ „მალერმა ცხადად თქვა, რომ მას არ აქვს არაფერი სათქმელი ანგარიშის მიღმა და შედეგად, ის არ გეგმავს კონგრესის წინაშე წარდგომას".

„ორი წლის შემდეგ, სპეციალური გამომძიებელი საკუთარ ცხოვრებას აგრძელებს, და დანარჩენებიც ასე უნდა მოიქცენ“, - განაცხადა სარა სანდერსმა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა

„ანგარიში იყო ნათელი - არანაირი გარიგება, არანაირი შეთქმულება - და იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ადგილი არ ქონია მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას“, - ნათქვამია სანდერსის განცხადებაში.

მალერის განცხადებას, სოციალურ ქსელზე „ტვიტერი“, პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა.

„არაფერი იცვლება მალერის ანგარიშით. არ იყო საკმარისი მტკიცებულება და ამის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება. საქმე დახურულია. მადლობა“, - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეროლდ ნადლერმა მალერის განცხადების შემდეგ თქვა, რომ „კონგრესის გადასაწყვეტია უპასუხოს პრეზიდენტ ტრამპის ამ დანაშაულებს, ტყუილებს და გადაცდომებს“.

„და ჩვენ ასეც ვიზამთ“, - განაცხადა მან.