პუტინი ალიევსა და ფაშინიანს ხვდება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან ორ თვეში, ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს პირისპირ ხვდება.

კრემლი აცხადებს, რომ შეხვედრაზე რუსი სამშვიდობოების საქმიანობა, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ვითარება, ვაჭრობის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები განიხილება. პუტინის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ნოემბერს მიღწეული ზავი, წარმატებით ხორციელდება.

ასევე ნახეთ: აზერბაიჯანი ამბობს, რომ ივლისში დაპირისპირების დროს, რუსეთი სომხეთს იარაღით ამარაგებდა

2020 წლიოს 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, საკუთრივ მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო მდებარე შვიდი რაიონი, აზერბაიჯანის ადმინისტრაციაში მოექცა. ზავის დადებამდე, 4700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გაურკვეველი რჩება ხელშეკრულების მრავალი დეტალი, მათ შორის მთიანი ყარაბაღის საბოლოო პოლიტიკური სტატუსი, საზღვრის ზუსტი კონტურები და ეკონომიკური საკითხები.

სამმხრივ შეხვედრამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორქიანმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული სამმხრივი განცხადების ხელმოწერა.

ასევე ნახეთ: მთიანი ყარაბაღი - ძველი კონფლიქტი, ახალი გარემოებები - ინტერვიუ პოლ სტრონსკისთან

შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როცა სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები „კაპიტულაციად“ აფასებენ 9 ნოემბრის შეთანხმებას და ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

მოსკოვში 11 იანვარს, სამმხრივი შეხვედრის წინ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან „ლოგიკურ გამოსავლად“ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიაჩნია.