პუტინმა და ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე იმსჯელეს

რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი (მარცხნიდან მარჯვნივ) შეხვედრაზე მოსკოვში. 5 მარტი, 2020.

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი განიხილეს. სატელეფონო საუბარში, რომელიც ვლადიმირ პუტინს და რეჯებ ტაიპ ერდოღანს შორის ორშაბათს შედგა, ორი ქვეყნის ლიდერმა კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეებზე იმსჯელა.

კრემლის თქმით, პრეზიდენტებმა "რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით, [მათი] ქმედებების შეჯერებასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვეს". რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ მეზობლად მიმდინარე კონფლიქტი რუსეთისთვის მგრძნობიარე საკითხია.

ასევე ნახეთ: საქართველო სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებას უარყოფს

ეთნიკურ სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირებამ, როგორც ჩანს, რუსეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლა. ამაზე მეტყველებს გასული კვირის ბოლოს, მოსკოვში და რუსეთის რამდენიმე სხვა რეგიონში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტები, რის გამოც პოლიციამ 30-მდე უცხოეთის მოქალაქე დააკავა.

რუსეთის პოლიციამ დაკავებულთა ვინაობა არ დაასახელა, მაგრამ მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ჯგუფური დაპირისპირება ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მოხდა. ხულიგნობის და ძარცვის ბრალდებით დაკავებულებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით აეკრძალათ.

ორშაბათს, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩებმა რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდეს, თავი აარიდონ კონფრონტაციებსა და "პროვოკაციებს". ვარდან ტოგანიანმა და პოლად ბულბულოღლიმ დამოუკიდებელი განცხადებები გაავრცელეს, რომელშიც თანამემამულეებს მოუწოდებენ, არ დაარღვიონ რუსეთის ფედერაციის კანონები.

ასევე ნახეთ: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - არის მსხვერპლი

სიტუაცია ადგილზე ჯერ ისევ მწვავეა. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვარზე გაყინული კონფლიქტის ესკალაცია 12 ივლისს დაიწყო, როცა ტოვუზის რაიონში სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. უცნობია, თუ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი პირველად. ერევანი და ბაქო სროლის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთი იუწყება, რომ 27 ივლისს, ღამით, მათი ჯარისკაცი სნაიპერის ტყვიით მოკლეს. აზერბაიჯანი წინა 24 საათის მანძილზე სომხეთს საარტილერიო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა.

Your browser doesn’t support HTML5

აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის შემთხვევაში საქართველოსაც უდიდესი რისკები შეექმნება