პრეზიდენტი ობამა ამერიკელებს სოლიდარობას უცხადებს

პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება სეკვესტრის შედეგად გამოწვეული ავტომატური შეკვეცების გამო მიიღო
თეთრი სახლი აცხადებს, რომ სამსახურიდან დროებით დათხოვნილი ფედერალური მოსამსახურეების სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი ობამა საკუთარი ხელფასის 5 პროცენტს მთავრობას დაუბრუნებს.

ოთხშაბათს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება სეკვესტრის შედეგად გამოწვეული ავტომატური შეკვეცების გამო მიიღო.

პრეზიდენტ ობამას ხელფასი წელიწადში 400,000 დოლარია.ამ თანხის 5 პროცენტი მთავრობას 1 მარტიდან უბრუნდება, როდესაც სეკვესტრი ძალაში ოფიციალურად შევიდა. ობამას ხელფასის 5 პროცენტი თვეში 1,700 დოლარს შეადგენს.

სამშაბათს თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეგელმა და მისმა მოადგილემ ეშტონ კარტერმაც საკუთარი ხელფასიდან თანხები გაიღეს.