ობამა ბოლო ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ხსნის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თავის მეოთხე და ფინალურ ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ხსნის. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი მთავარ ყურადღებას ჩრდილოეთ კორეიდან და დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან მომავალ საფრთხეებზე ამახვილებს, აცნობიერებს რა იმ შესაძლებლობებს, რაც პირველს ატომური იარაღის განვითარებით გააჩნია და მეორეს კი ბირთვული მასალების ხელში ჩაგდების შემთხვევაში შეექმნება.

სამიტამდე პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ჯერ სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს შეხვდა, შემდეგ კი მოლაპარაკება ჩინეთის პრეზიდენტთან გამართა. გაზეთ “ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ “საერთაშორისო საზოგადოება ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი პროვოკაციების წინააღმდეგ კვლავაც გაერთიანებული უნდა დარჩეს… შეერთებული შტატები კი გააგრძელებს მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მშვიდობიანი გზით კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან სრული და შემოწმებადი გასუფთავება მოხდეს”.

ობამა ასევე პირობას დებს, რომ განაახლებს მცდელობებს, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებს ბირთვულ მასალებზე წვდომის საშუალება მაქსიმალურად შეეზღუდოთ და ახალი ტერორისტული იერიშების განხორციელების გზები მოესპოთ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, წინა ბირთვული უსაფრთხოების სამიტები წარმატებული გამოდგა, რადგან 12-ზე მეტ ქვეყანაში ურანის და პლუტონიუმის მარაგის განადგურება მოხდა. ამერიკა და რუსეთი კი დღეს ბირთვული განიარაღების პროცესში 1950 წლის შემდეგ ახალი რეკორდის დამყარების გზაზე არიან.