ტილერსონი: ჩრდილოეთ კორეა მთელ მსოფლიოს ემუქრება

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სამშაბათს, 4 ივლისს ჩრდილო კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გაშვება მოახერხა. ქვეყნის ლიდერი კიმ იანგ უნი ამბობს, რომ ეს იყო „საჩუქრების პაკეტი“ ამერიკისთვის, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა სპეციალურ განცხადებაში ჩრდილო კორეის ქმედებებს ამერიკის, მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გალაშქრება უწოდა და აღნიშნა, რომ ესაა „საფრთხისა და მუქარის ესკალაცია“.

ტილერსონის თქმით, გლობალური პასუხია საჭირო იმისთვის, რომ ფხენიანისგან არსებული საფრთხე შემცირდეს. მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ჩრდილო კორეელი დასაქმებული, ამით მთელი მსოფლიოსთვის საშიშ რეჟიმს აფინანსებს და მის სამხედრო მისწრაფებების შესრულებას უწყობს ხელს.

ბალისტიკური რაკეტა იაპონიის საზღვართან ახლოს მდებარე აეროპორტიდან გაუშვეს, 39 წუთიანი ფრენის შემდეგ, 2800 კილომეტრზე მეტი სიმაღლიდან რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩაეშვა.

ამეირკელი ექსპერტების თქმით, ამ სიმძლავრის რაკეტას შეუძლია ალიასკამდე მიაღწიოს.