ავღანეთიდან აშშ-ს ჯარი ივლისში გავა

ავღანეთიდან აშშ-ს ჯარი ივლისში გავა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 80 კრიტიკული მნიშვნელობის რაიონი შეარჩია, სადაც სამხედრო ძალების რაოდენობას გაზრდის

ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ლოგარის პროვინციის ბარაკი ბარაკის რაიონში მშვიდი დღეა. ამ უბანში ნატოსა და ავღანური პოლიციური ძალების ყოფნას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეჩვეულია. ადგილობრივი მაცხოვრებლები გაგებით და მეგობრულად ეკიდებიან სამხედრო მოსამსახურეების მისიას. არაერთ მათგანს უცხოელებთან უბრალოდ საუბარი სწადია.

სხვებს კი მათთან ერთად, სამეზობლოს პატრულირების სურვილი აქვს.

რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, გზები თითქმის გაუვალია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნაღმების საფრთხის გამო. თალიბი სნაიპერები ნატოს ჯარებს მუდმივად თან სდევენ.

ავღანეთში მიმდინარე ომის მეათე წლისთავზე, ამერიკული სამხედრო კონტინგენტი კონფლიქტის ზონიდან ჯარების გაყვანას წელს, ივლისში დაიწყებს. ახლა იქ სულ 150 000 უცხოელი სამხედრო მოსამსახურეა.

ამ ფონზე, ნატო კარგად აცნობიერებს, რომ ავღანეთის მთელი ტერიტორიის პატრულირებას და უსაფრთხოების სიტუაციაზე კონტროლს ვერ აიღებს, ამიტომაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 80 კრიტიკული მნიშვნელობის რაიონი შეარჩია, სადაც სამხედრო ძალების რაოდენობას გაზრდის, იქ აქტიურად განახორციელებს აღდგენით პროექტებსა და სხვა სახის დახმარებას უზრუნველყოფს.

ბარაკი ბარაკი, ლოგარის შვიდი პროვინციიდან ერთადერთია და სწორედ ამ მიზნით იქნა შერჩეული. იქ 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს დიდი კავშრები აქვთ ქაბულთან, აქვეა რაიონული ბაზარიც.

2009 წელს ამ რაიონში დისლოცირების შემდეგ, ნატომ ფართო მასშტაბიანი აღდგენითი პროექტები განახორციელა.

ამასთან ერთად, ამერიკის სახელმწფო დეპატრამენტის ოფიციალურმა პირებმა დახმარება უზრუნველყვეს ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოსატალიბებლად.

აღდგენითი სტრატეგიის უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ ბარაკი ბარაკისგან განსხვავებით, სხვა უბნები ყურადღების ნაკლებობას უჩივიან. მათ შორის არის სტრატეგიული სასაზღვრო რაიონებიც, რომლებიც თალიბთა თარეშის ეპიცენტრად იქცა.

ამერიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერი აღიარებს, რომ სტრატეგია სრულყოფილი არ არის. თუმცა მისი განცხადებით, რესურსების კლების პირობებში ეს საუკეთესო გზაა რეზულტატის მისაღწევად და ავღანეთის მთავრობის ხელშესაწყობად.

კაპიტანი პოლ როთლისბერგერი ამბობს:

„ჩვენი პრიორიტეტია დასახლებულ პუნქტებზე გავაკეთოთ აქცენტი, ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ მოსახლეობის დაცვაა და თუკი ჩვეულებრივი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შევძლებთ, ისინი ავღანეთის ხლეისუფლების მდგრადობასაც ირწმუნებენ და მთლიანობაში, ჩვენი საერთო ამოცანებიც მიღწეული იქნება. ამის შემდეგ კი ნაკლებად დასახლებულ რაიონებში გადანაცვლებასაც შევძლებთ.“

წელს ზაფხულში, ავღანეთიდან ნატოს ჯარების თანდათანობითი გამოყვანის პირობებში, დასავლეთის მიერ ავღანეთში მიღწეული პროგრესი სწორედ ამ სტრატეგიის წარმატებაზეა დამოკიდებული.