"მოდერნამ" მარეგულირებელს ამერიკაში ვაქცინის სრული დამტკიცებისთვის მიმართა

"მოდერნა" რიგით მეორე ამერიკული კომპანიაა, რომელმაც დღეს შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დამტკიცება მოითხოვა. გასულ თვეში საკვების და მედიკამენტების ფედერალურ ადმინისტრაციას მსგავსი განცხადებით "ფაიზერმა" მიმართა. ამერიკულმა კომპანიამ ვაქცინა გერმანულ "ბიონტექთან" ერთად შეიმუშავა.

მარეგულირებელს ორივე ვაქცინა, მიმდინარე პანდემიისგან შექმნილი ვითარების ფონზე, მხოლოდ საგანგებო გამოყენებისთვის აქვს ავტორიზებული. სრული დამტკიცებისთვის კვლევის ვადა, რაც ვაქცინების ეფექტურობას და უსაფრთხოებას ადასტურებს, მინიმუმ 6 თვით უნდა იყოს განსაზღვრული.

ასევე ნახეთ: "მოდერნას" ვაქცინას 12-17 წლის მოზარდებში 100-პროცენტიანი ეფექტურობა აქვს

სპეციალისტების აზრით, "მოდერნას" და "ფაიზერ-ბიონტექის" სრული დამტკიცება პანდემიის დამარცხების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეს ჯანდაცვის სპეციალისტებს კოვიდ-19-ის ვაქცინების მიმართ მოსახლეობის ნაწილში არსებულ მიუღებლობასთან ბრძოლაში დაეხმარება. როგორც ამერიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ვაქცინაციას ეწინააღმდეგება.

"მოდერნა" ჯერ კიდევ აგრძელებს კვლევის მონაცემთა გაზიარებას აშშ-ის საკვების და მედიკამენტების მარეგულირებელ სააგენტოსთან. ამის შემდეგ, სააგენტო დაუდასტურებს "მოდერნას", რომ კვლევის შედეგები ფორმალური განხილვისთვის მიღებულია.

მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში დაფუძნებული კომპანია ამერიკის მთავრობას ადრევე შეუთანხმდა, რომ ქვეყანას კოვიდ-19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას მიაწვდის. "მოდერნას" ვაქცინა დამტკიცებისთვის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული.

ასევე ნახეთ: მრნა ვაქცინები ინდოეთში ნაპოვნ ვარიანტთანაც ეფექტურია - ახალი კვლევის წინასწარი შედეგები

"მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინის 151 მილიონზე მეტი დოზა ამერიკის მასშტაბით უკვე დისტრიბუციაშია. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აქედან დაახლოებით 125 მილიონამდე დოზაა ადმინისტრირებული.

აპრილში კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეორე დოზის ადმინისტრირებიდან 6 თვის შემდეგ, მათი ვაქცინა ყველა სახის კორონავირუსისგან დაცვის 90%-იან ეფექტურობას აჩვენებს. ვაქცინას კიდევ უფრო მაღალი, 95%-იანი დაცვა აქვს კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების წინააღმდეგ.

შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის ვაქცინის საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე გამოყენების ნებართვა კიდევ ერთ კომპანიას, "ჯონსონ და ჯონსონს" აქვს მინიჭებული. საერთო ჯამში, სამივე ვაქცინით სრულად აცრილია ამერიკის მოსახლეობის თითქმის 41%.

Your browser doesn’t support HTML5

მსოფლიოში ვაქცინებს არასაკმარისად ენდობიან