„პუტინის თაობის“ 53% რუსეთიდან წასვლაზე ფიქრობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობისას გაზრდილი თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსეთის დატოვებაზე ფიქრობს.

"ლევადის", რუსული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ბოლო კვლევით ირკვევა, რომ 18-24 წლის რუსეთის მოქალაქეების 53% რუსეთიდან ემიგრირებას ისურვებდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. მხოლოდ მაისის შემდეგ, მაჩვენებელი 16 პროცენტითაა გაზრდილი.

რუსი ახალგაზრდების განწყობები, ემიგრაციაზე. "ლევადა ცენტრი"

კვლევის ფარგლებში, 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, სხვადასხვა ასაკის 1 601 ადამიანი გამოიკითხა. თაობების მიხედვით, ემიგრაციის მიმართ განწყობები განსხვავებულია.

გამოკითხულთა შორის, 25 – 39 წლის ასაკის რუსეთის მოქალაქეების 30 % ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას ისურვებდა. 40-54 წლის ადამიანებში, რუსეთის დატოვების სურვილი 19 % - მა გამოთქვა. მაისში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგები, ამ შემთვევაშიც გაზრდილია - 7 და 5 %-ით.

ცოტა ხნის წინ, იმავე ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ, სიმპათიით, მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტია განწყობილი. ეს მაჩვენებელი, 2017 წლის მონაცემებთან სედარებით, 8 პროცენტითაა შემცირებული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 18%, 2013 წელს დაფიქსირდა.