ვაქცინის გამოცდაში ორსული ქალები ჯერჯერობით არ დაიშვებიან

ამერიკაში, კოვიდ-19-ის ვაქცინების ფართომასშტაბიან გამოცდასთან ერთად, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მოხალისეთა რომელი ჯგუფები მონაწილეობენ ექსპერიმენტებში. "მოდერნა" და "ფაიზერი" აცხადებენ, რომ წელს მათთან კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ქალებმა წარმოადგინონ უარყოფითი შედეგის მქონე ორსულობის ტესტი.

შეერთებულ შტატებში დღეისთვის კოვიდ-19-ის ორი კანდიდატი ვაქცინის კლინიკური გამოცდაა დაწინაურებული. ერთია კომპანია "მოდერნას" მიერ აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტთან ერთად შექმნილი ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც კლინიკური გამოცდის ფინალურ ეტაპზეა. მეორე კი კომპანია "ფაიზერის" და გერმანული კომპანიის "ბიო-ენ-ტექის" ერთობლივი ნაწარმია.

ასევე ნახეთ: ამერიკა დღეს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაზე გადავიდა

საქმე იმაშია, რომ ორივე კომპანიაში, ამ კვირაში ადამიანებზე დაწყებულ კლინიკურ ცდებში, სრულიად ახალი ტიპის ექსპერიმენტულ ვაქცინებს ცდიან, რომელიც გენურ ტექნოლოგიებს ეფუძნება. მათი უსაფრთხოება ორსულ ქალებზე ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

მომავალში, "მოდერნა" და "ფაიზერი" არ გამორიცხავენ, რომ აცრის ეფექტურობის და უსაფრთხოების დადასტურების შემთხვევაში, ორსულებიც აცრან. თუმცა, მანამდე, ამერიკელი რეგულატორები ითხოვენ, რომ ვაქცინა ჯერ ორსულ ცხოველებზე გამოიცადოს.

ამერიკაში 15-დან 50 წლამდე ასაკის ქალთა რაოდენობა დაახლოებით 80 მილიონამდეა. ორსულებისთვის ყოველწლიური გრიპის ვაქცინის აცრა, ზოგადად რეკომენდებულია. სიტუაციის მიხედვით, მათ შეიძლება სხვა აცრებიც გაუკეთონ, თუმცა არა ექსპერიმენტული, ე.წ. კანდიდატი ვაქცინები, რომელთა უსაფრთხოება ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ასევე ნახეთ: უკვე 23 ვაქცინას ცდიან ადამიანებზე - სიახლეები კოვიდ-19-ის ფრონტიდან