პრეზიდენტის სიძეს პირადი ელ-ფოსტის გამოყენებაში ედება ბრალი

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ადმინისტრაციის საქმიანობის წარმოების დროს პერსონალურ იმეილს იყენებდა.

კუშნერის ადვოკატის განცხადებით, იანვრიდან აგვისტომდე კუშნერმა პერსონალური ელ-ფოსტის ანგარიშიდან 100-მდე იმეილს უპასუხა.

„ეს მისთვის გაგზავნილი ფოსტა იყო და ძირითადად სტატიებს ან კომენტატორების მოსაზრებებს მოიცავდა,“ ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

ამერიკის კანონის თანახმად, ნებისმიერი კორესპონდენცია, რომელსაც პრეზიდენტი, მისი აპარატის წევრები ან პრეზიდენტის მრჩევლები იღებენ, შენახული უნდა იქნას.

პრეზიდენტი ტრამპი ჰილარი კლინტონს საარჩევნო კამპანიის დროს მკაცრად აკრიტიკებდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის დროს პერსონალური სერვერისა და ელ-ფოსტის გამოყენების გამო.