რესპუბლიკელები საემიგრაციო კანონს მხარს არ უჭერენ

წარმომადგენელთა პალატაში საემიგრაციო რეფორმაზე ორპარტიული მხარდაჭერა არ არის

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი


ამ კვირაში აშშ-ში კონგრესში უქმეებია, აფრიკიდან დაბრუნებულ პრეზიდენტ ბარაკ ობამას კი მსუბუქი სამუშაო განრიგი ექნება. თუმცა ვაშინგტონი, მთლიანად ამერიკელი ერი, ისევ კონცენტრირებულია გასული კვირის ძირითად თემებზე: ეს არის საემიგრაციო რეფორმა, და ერთსქესიან წყვილთა ქორწინება.
სენატმა საემიგრაციო კანონი მიიღო, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა კანონის საბოლოოდ მისაღებად ჯერ არ დასრულებულა. რეფორმის მომხრეები და ოპონენტები უფრო მწვავე ბრძოლისთვის ემზადებიან რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში, სადაც სპიკერი ჯონ ბეინერი გამორიცხავს, რომ პალატა სენატის კანონპროექტს უყრის კენჭს.

ჯონ ბეინერი: კანონ-პროექტი ვერ დამტკიცდება, თუკი მას წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა მთელი ძალისხმევა მიმართოს რეფორმის მხარდასაჭერად. ამ საკითხზე ერთ-ერთი არალეგალი ემიგრანტი საუბრობს.

ოსკარი: ერთადერთი, რაც ყველა ემიგრანტს სურს, ის არის რომ ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობა ყველა ემიგრანტს, როგორიც ამ ქვეყნის ისტორიის დასაწყისში ჰქონდათ ამერიკაში შემოსულ პირებს.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირას რეფორმის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართოს და ასევე გააქტიურდნენ კანონ-პროექტის ლობისტები, რათა ზეწოლა მოახდინონ კანონმდებლებზე საემიგრაციო რეფორმის მისაღებად. ემზადებიან რეფორმის ოპონენტებიც. ჯიმ გილქრისტი ამ რეფორმას კანონ დამრღვევების ამნისტიას უწოდებს.

ჯიმ გილქრისტი: არ უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი რომ 310 მილიონი სხვა ამერიკელი კანონის მიმართ მორჩილი იქნება, თუკი პრიორიტეტს მათ მიანიჭებთ, ვინც კანონს უპატივცემულოდ მოექცა.

ამასობაში, ერთსქესიან წყვილთა ქორწინების მომხრეები ამერიკის უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს ზეიმობენ, რომლებიც მათი უფლებების დასაცავად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სასამართლოს დადგენილებით, ფედერალურმა ხელისუფლებამ ერთსქესიან წყვილთა ქორწინება უნდა აღიაროს, და კალიფორნიაში, ამერიკის ყველაზე მრავალრიცხოვან შტატში მსგავსი ქორწინების შესახებ გაუქმებული კანონი ისევ ამოქმედდეს.

მომხრეების სტრატეგიაა, რომ მომავალ წლებში ერთსქესიან წყვილთა ქორწინება კანონიერი ამერიკის ყველა შტატში გახდეს. ისინი აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მიზნისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იურისტი დავიდ ბოისი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

დავიდ ბოისი: უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს არანაირი საბაბი, იმისათვის, რომ გეი-წყვილებს ერთმანეთის სიყვარულის და დაქორწინების უფლება არ ჰქონდეთ.

თუმცა მოწინააღმდეგეები დანებებას არ აპირებენ. მათ შორისაა, ქრისტიანული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბობ შენკიც.

ბობ შენკი: უზენაეს სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება ჩვეულებრივ ქორწინებასთან დაკავშირებით. ეს უფლებამოსილება, ღმერთის ხელშია, ვინც დაადგინა ის, თუ რის უფლება უნდა ჰქონდეს ადამიანს.

ხუთშაბათს, 4 ივლისს შეერთებული შტატებში ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.