იტალია ბრიტანეთს ახსნა-განმარტებას სთხოვს

ბრიტანეთმა იტალიელ სამართალდამცველებს მძევლების დახსნის მისიის შესახებ არაფერი ამცნო. ოპერაციის მსვლელობისას ნიგერიის ქალაქ სოკოტოში ორი მძევალი იქნა მოკლული.

იტალიასა და ბრიტანეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობა გრძელდება ნიგერიაში ორივე ქვეყნის მოქალაქეების დატყვევებასთან დაკავშირებით. იტალია აცხადებს, რომ დადგა დრო ბრიტანეთმა რომს მძევლების დახსნის ოპერაციის დეტალები გაუმხილოს.

ამ თემაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯულიო ტერზი პარასკევს ბრიტანელ კოლეგა უილიამ ჰეიგს კოპენჰაგენში არაოფიციალურ შეხვედრაზე ესაუბრა.

რომის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ბრიტანეთმა იტალიელ სამართალდამცველებს მძევლების დახსნის მისიის შესახებ არაფერი ამცნო. ოპერაციის მსვლელობისას ნიგერიის ქალაქ სოკოტოში ორივე მძევალი იქნა მოკლული.

იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯიო ნაპოლიტანომ ბრიტანეთის მოქმედებას „უცნაური“ უწოდა და ლონდონისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა.