ერაყში თავდასხმების სერია განხორციელდა

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე
ერაყის სამხრეთში მანქანაში დამონტაჟებული რამდენიმე ბომბი აფეთქდა, ხოლო ჩრდილოეთში შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა, რასაც ჯამში 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმების უმრავლესობა შიიტურ დასახლებებში მოხდა.

ერაყის პოლიციის განცხადებით, შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფში ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ორმაგი აფეთქება მოხდა ბასრაში, სადაც ექვსი ადამიანი იქნა მოკლული. ასევე რამდენიმე თავდასხმა მოხდა ნასირიაში, მაჰმუდიაში, ჰილაჰსა და კუტში.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე.

ერაყის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შიიტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა სუნიტი ექსტრემისტული ჯგუფებისა და ალ ყაიდასთან დაკავშირებული ელემენტების მიერ არის ორგანიზებული.