ირანელთა იერიში „გუგლის“ ანგარიშებზე

დროის და სამიზნეების მიხედვით, კიბერ-შეტევები პოლიტიკური მოტივაციით შეიძლება აიხსნას
ირანში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „გუგლი“ ჰაკერთა თავდასხმის განსაკუთრებულ გახშირებას აფიქსირებს. ჰაკერები გიგანტური საძიებო ვებ-გვერდის გატეხვას უმთავრესად ირანიდან ცდილობდნენ.

ამერიკული ინტერნეტ-კომპანია აცხადებს, რომ თავდასხმა ძირითადად ათობით ათასი ირანელი მომხმარებლის ანგარიშის გატეხვას ისახავდა მიზნად და განსაკუთრებით ბოლო 3 კვირის მანძილზე გახშირდა. ერიკ გროსე, „გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების ინჟინერიის დარგში, აღნიშნავს, რომ დროის და სამიზნეების მიხედვით, კიბერ-შეტევები პოლიტიკური მოტივაციით შეიძლება აიხსნას. ხშირ შემთხვევაში წერილობით გაგზავნილ ბმულს ვინც ხსნიდა, იხსნებოდა პროგრამა, რომელიც ანგარიშის მფლობელის ვინაობას და პაროლს შიფრავდა.