ფერგიუსონი: პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ

როგორ შეცვლის სამყაროს ახალი კორონავირუსი, რას ნიშნავს ის საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში - ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ცნობილ ისტორიკოსს, ჰუვერის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს და ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ ფერგიუსონს ესაუბრა.

როგორც ისტორიკოსი, თქვენ სწავლობთ, თუ როგორ შეცვალა წინა პანდემიებმა საზოგადოება. რას უნდა ველოდოთ ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ?

გააჩნია, თუ რამხელა გავლენა ექნება ახალი კორონავირუსის პანდემიას, რადგან პანდემიების მასშტაბები განსხვავდება. იყო პანდემიები, მაგალითად, შავი ჭირი, მე-14 საუკუნეში, ასევე რომის იმპერიაში, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის მესამედი შეიწირა. დღეს, ეს არ გვემუქრება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პანდემია ისევე ცუდია როგორც 1918 წლის ესპანური გრიპი იყო, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის ორი ან სამი პროცენტი შეიწირა.

კოვიდ-19 მასშტაბურია, თუმცა არც ისე დამანგრეველი, როგორიც 1957 წლის პანდემია, რომელიც ჩვენ არა, თუმცა ჩვენს ბებია-ბაბუებს ახსოვთ. ეს ნამდვილი გლობალური კრიზისი, გრიპის ახალმა ტალღამ გამოიწვია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არავის ქონდა. მაშინ სრულიად განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ ვიდრე ახლა. კარანტინი არ შემოუღიათ, სკოლები არ დაუკეტავთ. ცხოვრება გრძელდებოდა. პანდემიის რამდენიმე ტალღას, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვნებელი სდევდა თან. თუმცა არავის ახსოვს 1957-58 წლების პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ მან მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მიუდგები პათოგენს. ჩვენ საშინელი შეცდომა დავუშვით. ორმაგად საშინელი, რადგან ჯერ არაფერი გავაკეთეთ და შემდეგ პანიკა დავიწყეთ. 1957 წელს, როგორც კი ამერიკელმა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ჰონგ-კონგში ახალი ვირუსი დაფიქსირდა, მაშინვე დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა და ის გასაოცრად მალე შექმნეს. მათ ხალხის ვაქცინაცია იმავე წელს დაიწყეს.

ჩვენ საშინელი შეცდომა დავუშვით. ორმაგად საშინელი რადგან ჯერ არაფერი გავაკეთეთ და შემდეგ პანიკა დავიწყეთ. 
ნილ ფერგიუსონი

პანდემია არაა უპრეცედენტო, ამ დრომდე მსოფლიოს, ალბათ, 60 პანდემია აქვს გადატანილი. კოვიდ-19, მასშტაბებით სადღაც შუაშია. თავად პანდემია იმდენად დამანგრეველი არ არის, რამდენადაც მიღებული ზომები, რომლებმაც ეს უდიდესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

კარანტინის პერიოდში, ბევრის მსგავსად, მეც დავიწყე ჯოვანი ბოკაჩიოს დეკამერონის კითხვა. წიგნის დასაწყისში ავტორი მე-14 საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიით გამოწვეულ ვითარებას აღწერს, რომელიც დღევანდელ სიტუაციას ძალზედ გავს. მაშინაც, როგორც ახლა, თავის დაცვის ერთადერთი საშუალება სოციალური დისტანცირება იყო... საუკუნეების შემდეგ, ვერ განვვითარდით იმდენად, რომ მსგავს პანდემიებთან ბრძოლის უკეთესი გზა გვეპოვნა?

Your browser doesn’t support HTML5

მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ - ინტერვიუ ნილ ფერგიუსონთან


უნდა განვვითარებულიყავით. ზოგი ქვეყანა წინ წავიდა. მაგალითია ტაივანის პასუხი პანდემიის დასაწყისიდან იქამდე, სანამ ჩინეთი პრობლემის მასშტაბებს აღიარებდა. ტაივანელებმა ორი რამ გააკეთეს: მათ ფართო ტესტირება დაიწყეს და კონტაქტების მოძიების ტექნოლოგიით, ინფიცირებულთა კონტაქტებს ადგენდნენ. ამის გაკეთება ადრე არ შეგვეძლო. ტექნოლოგია ბევრ რამეს აადვილებს, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენ ყველანი სმარტფონებს ვატარებთ. რამდენიმე აზიურმა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა აპლიკაციები კონტაქტების დასადგენად. შეერთებულ შტატებში ამას არ ვაკეთებთ, ევროპაშიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იქცევა ასე. ამიტომ, დავუბრუნდით ძველი ყაიდის მიდგომებს, რომლებიც ყველაზე ადვილი გზაა: ხალხს უბრალოდ სახლებში ვკეტავთ, დაინფიცირებულნი არიან ისინი თუ არა.

კარანტინი, რომელსაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებულმა შტატმა მიმართა, ძალიან ძველი მეთოდია. ასე იქცეოდნენ შავი ჭირის დროსაც. თუმცა, ეს ძალზედ არაეფექტურია, რადგან გულისხმობს, რომ ნაკლები რისკის ქვეშ მყოფი ჯანმრთელი ადამიანები, მუშაობას ვერ აგრძელებენ. ამ მიდგომით ჩვენ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყენებში უდიდესი ეკონომიკური ზარალი გამოვიწვიეთ. ტაივანელებივით რომ გვეფიქრა, ცოტა მაინც, არ დაგვჭირდებოდა კარანტინი. თუმცა სოციალური დისტანცირება მაინც საჭრო იქნებოდა. ტაივანში ეს ასე გააკეთეს. მათი ეკონომიკა ისე არ ჩავარდნილა, როგორც ამერიკის და ბევრი ევროპული ქვეყნის შემთხვევაში. სოციალური დისტანცირების ფრთხილი რეჟიმი საკმარისი იქნებოდა და ეკონომიკის შეჩერება არ დაგვჭირდებოდა.

ხშირად ამ ეკონომიკურ კრიზისს "დიდ დეპრესიას" ადარებენ. რამდენად სწორი შედარებაა ეს?

ნათელია, რომ მსგავსი მაღალი უმუშევრობის დონე შერთებულ შტატებში 1930-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს. არ გამიკვირდება, რომ უმუშევრობა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე დიდი დეპრესიის პიკისას 1932 წელს. უახლოეს მომავალში შეიძლება უმუშევრობა 26 პროცენტს გაუტოლდეს. ამიტომ შედარება სამართლიანია.

ჩინეთი ცდილობს პროპაგანდით ამერიკა დაჩრდილოს. მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ შეერთებული შტატები კვლავ დომინანტია.
ნილ ფერგიუსონი

"დიდი დეპრესიის" შემდეგ, ეს წარმოების ყველაზე დიდი შეკვეცაა და უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე 2008-2009 წლის კრიზისი იყო. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ კრიზისი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე "დიდი დეპრესიის" დროს. 1929 წლის ფინანსური კრიზისის დადგომას რამდენიმე წელი დაჭირდა, რის შედეგადაც 1932 წელს უმუშევრობამ ყველაზე დიდ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ამ დონეზე რამდენიმე თვეში დავედით. ამიტომ ჩვენ რეალურად დიდ დეპრესიას გავდივართ, მაგრამ 12-ჯერ უფრო სწრაფად. ეს დაჩქარებული დიდი დეპრესიაა.

ზოგი თვლის, რომ კრიზისიდანაც მალე გამოვალთ. თუმცა, რთულია სერიოზულად აღიქვა იდეა, რომ მალევე დავუბრუნდებით საწყისს ეკონომიკურ ნიშნულს. ყველაფერი საწინააღმდეგოს აჩვენებს. მომხმარებელი პანდემიამ შეაშინა და დანაზოგების რაოდენობა ძალზედ მაღალზეა, არამარტო იმიტომ, რომ ხალხს არ შეუძლია გარეთ გავიდეს და ფული დახარჯოს, არამედ იმიტომ, რომ არ უნდათ გარეთ გასვლა და ხარჯვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გაუმჯობესება იქნება ნელი.

ბევრი საუბრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო პანდემიის შემდეგ, მას 11 სექტემბერს ადარებენ, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

ვფიქრობ ეს გადაჭარბებაა. უფრო სწორი „შიდსის“ შედეგებზე ფიქრია. იმ დროიდან, რაც დავადგინეთ, რომ ის სექსუალურად გადამდები დაავადებაა, წლების მანილზე არც მკურნალობის საშუალება იყო და ვაქცინაც ჯერ ისევ არ არსებობს. სოციალური ცხოვრების ისეთივე ცვლილებას ვიხილავთ, როგორიც სექსუალურ ცხოვრებაში მოხდა, მას შემდეგ, რაც შიდსი გაჩნდა. ადამიანებმა შედარებით ფრთხილად დაიწყეს მოქცევა თუმცა, არცთუ იმდენად განსხვავებულად, როგორც საჭირო იყო. ადამიანებს კვლავ აქვთ დაუცველი სექსი და დაუცველი სოციალური ქცევაც იარსებებს. ადამიანებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.

წარსულში შეერთებულ შტატებს სხვადასხვა კრიზისების დროს ლიდერის პოზიცია ეკავა. კრიზისი შესაძლებლობაცაა, რომ მეტი გააკეთო იქნება ეს ევროპაში თუ სხვაგან. თუმცა ამ დრომდე ვაშინგტონის მხრიდან ეს არ ჩანს. როგორ ფიქრობთ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა, გამოიწვევს ეს „ამერიკის იმპერიის“ დაღმასვლას?

შეერთებული შტატები ცივი ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნათლად დომინანტური ზესახელმწიფოა. ვფიქრობ, კარგი კითხვაა დასუსტდა, თუ არა ამერიკის როლი. ზედაპირულად შეიძლება ეს ასე ჩანს. დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად არ უყურებს ენთუზიაზმით პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს. ფართოდ გავრცელებული წარმოდგენაა, რომ შეერთებული შტატები ამ კრიზისს კარგად ვერ გაუმკლავდა. ამავდროულად, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს ყურადღების გადასატანად იმ ფაქტიდან, რომ ეს დიდწილად მათი ბრალია. ამისთვის ქვეყნებს დახმარებას უგზავნიან, იქნება ეს იაფი პირბადეები თუ გაუმართავი ვენტილატორები.

როცა პროპაგანდას, კვამლის და სარკეების მიღმა შეხედავ  შეერთებული შტატები კვლავ მთავარი მოთამაშეა,  ჩინეთი კი უკანა პლანზეა.
ნილ ფერგიუსონი

ჩინეთი ცდილობს პროპაგანდით ამერიკა დაჩრდილოს. მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ შეერთებული შტატები კვლავ დომინანტია.

მოდით რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველი ისაა, რომ ყველაზე მეტი კვლევა ვაქცინაზე და თერაპიებზე ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარეობს. და თუ გამარჯვებული გვეყოლება ვაქცინისკენ რბოლაში, დიდი ალბათობით, ეს ამერიკული კომპანია ან ინსტიტუტი იქნება. ჩინეთშიც არიან ამ მიმართულებით მოთამაშეები, თუმცა ჩინეთის წარსული გამოცდილება ვაქცინაციებთან დაკავშირებით, პირდაპირ რომ ვთქვათ, კატასტროფულია. მეორე, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის კუთხით, აშშ-ის ფედერალური რეზერვი, მთავარი მოთამაშეა. არავის მიუმართავს ჩინეთის სახალხო ბანკისთვის დახმარების თხოვნით. ისინი ფედერალურ რეზერვს და ამერიკაში დაფუძნებულ ინსტიტუტებს, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავენ. ამიტომ, როცა პროპაგანდას, კვამლის და სარკეების მიღმა შეხედავ შეერთებული შტატები კვლავ მთავარი მოთამაშეა, ჩინეთი კი უკანა პლანზეა.

ჩინეთზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, ვიხილავთ შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეულ ცვლილებებს პეკინთან ურთიერთობაში? გააქტიურდება გეოპოლიტიკური შეჯიბრი? გველის ახალი ცივი ომი პეკინთან ამ ყველაფრის გათვალისწინებით?

დიახ, ნამდვილად. ეს ფრაზა შარშან თებერვალში გამოვიყენე სტატიაში. რეალურად მეორე ცივი ომი უკვე დაიწყო და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიმჩნევია, მაგრამ ჩინელები ამჩნევენ. ვფიქრობ პანდემიამ ის გააკეთა, რომ ევროპელებს, რომლებიც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, დაანახა, რომ ჩვენ ახალ ცივ ომში ვართ...

საზოგადოებრივი კრიზისის მნიშვნელობა ისიცაა, რომ ბევრ საკითხს ახადა ფარდა, რომელსაც ადამიანები თვალს არ უსწორებდნენ. თუ ევროპელები ფიქრობდნენ, რომ მათ შეეძლოთ საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ, როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან. წელს, ალბათ, გაანალიზეს, რომ ეს ძალიან რთული იქნება.

თუმცა მაშინ, როცა რუსული საფრთხის აღზევების კვალდაკვალ, არ გვინახავს ერთიანი ნაბიჯები მოსკოვის შესაჩერებლად, როგორ ფიქრობთ მივაღწევთ ევროპელებთან ერთიანობას ჩინეთის შეკავების კუთხით?

ვფიქრობ, დასავლეთის დიდი პრობლემა 2020 წელს ეს იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ გეოპოლიტიკურ კრიზისს მაინც ვიხილავთ. ეს შეიძლება ტავიანის გარშემო მოხდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი უკვე ვითარდება ჰონგ-კონგში. კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი ისაა, რომ თუ მოსკოვიდან ან პეკინიდან უყურებ შეერთებულ შტატებს, ის ძალზედ სუსტად გამოიყურება. დგას ეკონომიკური კრიზისი... საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა უკონტროლოა. ამერიკელები 3 ნოემბერებს ძალიან პოლარიზებულ არჩევნებზე მივლენ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩინეთისა და რუსეთისთვის, რომ აგრესიული ნაბიჯები გადადგან იმ იმედით, რომ შეერთებული შტატები ძალზედ დაყოფილი და დაკავებულია შიდა პრობლემებით და მათ არ უპასუხებს.

მოსკოვში და პეკინში თუ გარისკვას გეგმავენ მსოფლიოს სხვა ნაწილში, ეს შესანიშნავი დროა ამისთვის.
ნილ ფერგიუსონი

ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რუსები და ჩინელები ფიქრობენ როგორ გამოიყენონ ეს განსაკუთრებეული მომენტი. არ გამიკვირდება თუ ვიხილავთ რუსეთის ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში, ანდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში. ამავდროულად, ჩინეთი ცდილობს ჰონგ-კონგსა და ტაივანში ვითარების დაძაბვას. შეერთებულ შტატებში ამაზე ბევრი არ ფიქრობს. როცა ხალხს ამაზე ველაპარაკები, ამბობენ რომ ეს მომავლის პრობლემაა, სადღაც ათ წელში. თუმცა მე ამას 2020 წლის პრობლემად მივიჩნევ.

ეს ხალხი მოსკოვში და პეკინში შეერთებულ შტატებს 2020 წელზე უფრო დაუცველ პოზიციაში ვერ ნახავს. ამიტომ თუ გარისკვას გეგმავენ მსოფლიოს სხვა ნაწილში, ეს შესანიშნავი დროა ამისთვის.

რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს, ერთი მხრივ პანიკას თესავს კორონავირუსის გარშემო, მეორე მხრივ, ამბობს, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია. რუსეთში ვირუსით გარდაცვალების რიცხვების რეალურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. რა გავლენას ახდენს პანდემია ავტორიტარულ მმართველებზე, როგორიცაა პუტინი?

ვფიქრობ გულუბრყვილო შეფასებაა, რომ პანდემია ავტორიტრული რეჟიმებისთვის კარგია, რადგან ჩინეთმა მკაცრი ზომებით მოახერხა პანდემიასთან გამკლავება, და რომ მთელი პროვინციის ჩაკეტვით გადაწყვიტა პრობლემა. ზოგი ისე ამბობს ამას თითქოს ეს სხვებისთვის მოდელი უნდა იყოს. ჩემთვის ეს დამაჯერებელი არაა. ჩინეთმა დეკემბერში და იანვარში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, სწორედ იმიტომ, რომ ერთპარტიული სისტემის ქვეყანაა, სადაც თავისუფალი პრესა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ არსებობს. ქვეყნები, რომლებიც ამას სწორად გაუმკლავდნენ - ტაივანი და სამხრეთ კორეა - ორი აზიური დემოკრატიაა.

პრობლემის გაზომვა რუსეთის შემთხვევაში რთულია. Ჩანს, რომ გავრცელება უკონტროლოდ ხდება, რუსეთის მთელს ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად მხოლოდ მოსკოვი იყო კერა... ეს პუტინს ორი მიმართულებით აქცევს ზეწოლის ქვეშ. Პირველი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი პოპულარული არაა. მეორე კი ისაა, რომ ეკონომიკური კრიზისი, ნავთობის ფასების ამ გასაოცარ ვარდნასთან ერთად რთული გასამკლავებლი იქნება.

როცა [პუტინის და ში ძინპინის] რეჟიმები ასეთი წნეხის ქვეშ ექცევიან, მათგან გეოპოლიკურ ასპარეზზე სარისკო ნაბიჯებს უნდა ველოდეთ.
ნილ ფერგიუსონი

ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვღელავდეთ, რადგან ავტორიტარული რეჟიმები აგრესიული ხდებიან, როცა მოსახლეობის მხარდაჭერა იკლებს და ეს ასე ხდება პუტინის შემთხვევაში, რათა მათ ხალხის ყურადღება შიდა სირთულეებიდან საგარეო საკითხზე გადაიტანონ. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად 2020 წელს. ორივე, პუტინიც და სი ძინპინიც კოვიდ-19 ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გამო დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. როცა მსგავსი რეჟიმები ასეთი წნეხის ქვეშ ექცევიან, მათგან გეოპოლიკურ ასპარეზზე სარისკო ნაბიჯებს უნდა ველოდეთ.

Your browser doesn’t support HTML5

ფერგიუსონი: ავტორიტარებისგან გეოპოლიკურ ასპარეზზე სარისკო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ


ზოგი ამბობს, რომ პანდემიამ დაგვანახა დიდი მთავრობის უპირატესობა. რამდენად მართალია ეს?

ვფიქრობ, პანდემიამ დიდი მთავრობის არაკომპეტენტურობა აჩვენა. თუ დასვამ კითხვას, რა გაკეთდა შეერთებულ შტატებში არასწორად - პასუხი არის, ის რომ ტრამპს ეპიდემიოლოგია არ ესმის. ეს სულელური პასუხია. პრობლემა ისაა, რომ „ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი“, რომლის ვალდებულებაცაა, რომ შეერთებული შტატების ბიო-თავდაცვა უზრუნველყოს, წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს მაშინ, როცა მათ ჰქონდათ გეგმა, თუ როგორ გამკლავებოდნენ პანდემიას. უფრო მეტიც, რამდენიმე გეგმა, რამდენიმე სამთავრობო სააგენტოსთვის.

უფრო მცირე ფედერალური მთავრობა 1957 წელს ბევრად უკეთ გაუმკლავდა მაშინდელ პანდემიას.  
ნილ ფერგიუსონი

მაოცებს, რომ ამერიკულ მედიაში საერთოდ არ შუქდება, ბიუროკრატიის, იმ ხალხის ვინც პანდემიაზე უნდა მუშაობდნენ, ჩავარდნა პანდემიის პირისპირ... ბრალდებების უმეტესობა პრეზიდენტი ტრამპისკენაა მიმართული, მაშინ როცა რეალურად უდიდესი დეპარტამენტი არსებობს, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნავს. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ამ დეპარტამენტში შედის „დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, რომელმაც ძალიან ცუდად იმუშავა. როცა ხალხი ამბობს, რომ ეს აჩვენებს, რომ უფრო დიდი მთავრობა გვჭირდება - მე ვუპასუხებდი, რომ უფრო მცირე ფედერალური მთავრობა 1957 წელს ბევრად უკეთ გაუმკლავდა მაშინდელ პანდემიას.

11 სექტემბრის შემდეგ, შეერთებული შტატების როლი ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა გაიზარდა. ჩვენს რეგიონში უფრო მეტი ჩართულობა ვიხილეთ, წამყვან ძალებს შორის ახალი გეოპოლიტიკური შეჯიბრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ ვაშინგტონის მეტ ჩართულობას ვიხილავთ ? რა იქნება საგარეო პოლიტიკური შედეგები „ახალი ცივი ომის“?

ეს რთული კითხვაა. პრეზიდენტი ტრამპი თავად ამბობს, რომ ნატოსი დიდად არ სჯერა, და ურჩევნია, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ უდრიდეს „ამერიკა მართოს“. მეორე მხრივ, ადმინისტრაცია პრაქტიკაში განსხვავებულად იქცევა. მიუხედავად ნატოს მომავალზე არსებული შეშფოთებისა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი აირჩიეს, არაფერი შეცვლილა და ადმინისტრაციამ განამტკიცა მხარდაჭერა ალიანსის მიმართ, ობამას ადმინისტრაციასთან შედარებით. ამიტომ ერთიანი სურათი არ გვაქვს. ხანდახან ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ტრამპის რიტორიკა მისი ადმინისტრაციის ქმედებებს ემთხვეოდეს.

როცა ამბობ, რომ ალიანსებს მნიშვნელობა არ აქვს, ამით შენ ხელს უწყობ შენს მტრებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ [ალიანსს] გამოცდას მოუწყობენ აღმოსავლეთ ევროპაში, ტრამპი და შეერთებული შტატები არ იმოქმედებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კარგად მოახერხა ნატოს დაცვა, როცა მას თავს ესხმოდნენ. თავს ესხმოდა არა მარტო პრეზიდენტი ტრამპი არამედ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

როცა ამბობ, რომ ალიანსებს მნიშვნელობა არ აქვს, ამით შენ ხელს უწყობ შენს მტრებს.
ნილ ფერგიუსონი

ის, რომ ნატო აგრძელებს სრულყოფილ ფუნქციონირებას ჩემთვის იმედის მომცემია. თუმცა, თუ შეხედავ რას ამბობენ გერმანიაში გამოკითხვები - განცვიფრდები, რადგან გერმანელებს გაორებული წარმოდგენები აქვთ შეერთებულ შტატებზე, და ჩინეთი და რუსეთი იზიდავთ, როგორც პოტენციური პარტნიორები. ეს ტრანს-ატლანტიკურ ალიანსში არსებული პრობლემისკენ მიუთითებს. მე რომ ვიყო ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, იქნება ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო თუ უკრაინა, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების მიღმაა, ეს ძალიან შემაშფოთებდა.