უცხოელი დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებზე ჩავლენ

"რადიო თავისუფლების" ფოტო

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე NDI და IRI-ის დამკვირვებლები, შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, შესაძლოა ვერ ჩამოვიდნენ.

მისი თქმით, "ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში, ამ შემთხვევაში სპეციალური პროტოკოლი არის დადგენილი. დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში ეუთოდან, ოდირიდან და სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება დამკვირვებლების არჩამოსვლის საკითხი," განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

დღესვე, აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნსლისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აგზავნის არჩევნებზე დაკვირვებისთვის საქართველოში "ძალიან ძლიერ მისიას, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მონიტორინგისთვის."

მისივე თქმით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის ხმის მიცემის დღეს აშშ-ის საელჩო წარმომადგენლებს გააგზავნის.