თეთრი სახლის მადლიერების დღის მენიუ

ამერიკელების უმეტესობას, მადლიერების დღის სუფრაზე ხამანწკები არ აქვს, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოლუსკები თეთრი სახლის სადღესასწაულო მენიუს მთავარი ინგრედიენტი იყო.

„ხამნწკების სხვადასხვა ვარიაცია მენიუს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, განსაკუთრებით XIX საუკუნის ბოლოს. ხამანწკები ძალიან პოპულარული იყო“ - ამბობს ლინა მანი, ტეთრი სახლის ისტორიული ასოციაციის ისტორიკოსი.

„ვფიქრობ ამას ხელს უწყობდა ვაშინგტონის მდებარეობა, ჩესაპიკის ყურის მახლობლად, სადაც ხამანწკების ნამდვილი საბადო იყო. ეს ერთგვარად ადგილის დამახასიათებელი კერძი იყო. თუმცა, წლების განმავლობაში, ეს აღქმა გაქრა“ - ამბობს მანი.

ხამანწკების გარდა, თეთრი სახლის მადლიერების დღის აღსანიშნ სუფრაზე ასევე იხილავდით კლდის თევზს, რომელიც მდინარე პოტომაკში ბინადრობდა. ასევე კუს, მერილენდის აღმოსავლეთ სანაპიროდან და შტოშს, მასაჩუსეტსიდან.

იმის გამო, რომ მადლიერების დღე ოჯახური დღესასწაულია, თეთრი სახლის მენიუს შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ საპრეზიდენტო ოჯახები სადღესასწაულო ვახშამს, ხშირად ტეთრი სახლიდან მოშორებით მართავდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალაქგარეთ მდებარე საკუთარ სახლებში, ან მერილენდში, კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში.

1985 წელს, პრეზიდენტმა რეიგანმა მადლიერების დღე კალიფორნიაში, საკუთარ რანჩოზე გაატარა. მენიუში შედიოდა ინდაური, შტოში, სიმინდის სოუსი, სალათი, კარტოფილის პიურე, დარიჩინიანი დესერტი „მანქი ბრედი“, მწვანე ლობიო ნუშით, გოგრის ნამცხვარი კრემით.

1996 წელს, პრეზიდენტმა კლინტონმა მადლიერების დღე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, კემპ-დევიდში აღნიშნა. სუფრაზე წარმოდგენილი იყო ინდაური სოუსით, კარტოფილის პიურე, ტკბილი კარტოფილი, მწვანე ლობიო, შტოშის სოუსი, მწნილის ნაკრები - ნიახურის, პომიდვრის, მწვანე ხახვის, შავი ზეთისხილის და სტაფილოსი. ხილის სალათი, პეკანის და გოგრის ღვეზელები.

2007 წელს, სადღესასწაულო ვახშამს ასევე კემპ-დევიდში უმასპინძლა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა. ბუშების ოჯახმა ვახშმად ინდაური, შტოშის სოუსი, ტკბილი კარტოფილის სუფლე და გოგრის მუსი მიირთვეს.

განურჩევლად იმისა, თუ სად ატარებს მთავარსარდალი მადლიერების დღეს, სუფრაზე ინდაური შეუცვლელია და ამ ტრადიციას საფუძველი 1870-იანი წლებიდან ჩაეყარა.

ჰორას ვოსი თეთრ სახლში გასაგზავნად ინდაურს ამზადებს.

„იყო ადამიანი, სახელად ჰორას ვოსი, რომელსაც როდ აილენდის მეფრინველეობის მეფეს უწოდებდნენ. 1873 წლიდან, ის 40 წლის განმავლობაში, ინდაურებს თეთრ სახლში აგზავნიდა. ასე იქცეოდა შობას და მადლიერების დღეს, ვიდრე 1913 წელს არ გარდაიცვალა“ - ამბობს ლინა მანი.

თუმცა, 1926 წელს, პრეზიდენტმა კელვინ კულიჯიმ, მოქალაქეებისგან უჩვეულო საჩუქარი მიიღო.

„მათ, საზეიმო ვახშმისთვის პრეზიდენტს ენოტი გაუგზავნეს. თუმცა, კულიჯოს ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ენოტის მირთმევა არ სურდა. მათ ენოტს რებეკა დაარქვეს და დაიტოვეს. რებეკას გულსაკიდზე ეწერა - „თეთრი სახლის ენოტი“.

მადლიერების დღის საპრეზიდენტო რაციონი, ასევე დამოკიდებული შეიძლება იყოს იმაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ვუდრო უილსონი ვაშინგტონში დარჩა და მადლიერების დღე მოკრძალებულად გაატარა.

თეთრ სახლში, კიდევ უფრო მოკრძალებულად აღინიშნა მადლიერების დღე დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს. 1942 წელს, პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა წვნიანით, წაბლის შიგთავსით მომზადებული ინდაურითა და შტოშის სოუსით ივახშმეს. სუფრაზე ასევე იყო ესპანური სიმინდი, მცირე ზომის სოსისები, ლობიო, ტკბილი კარტოფილი, გრეიფრუტის სალათი, გოგრის ღვეზელი, ყველი, ყავა და ნაყინი.

წელს, პრეზიდენტი ბაიდენი და პირველი ლედი მადლიერების დღეს მასაჩუსეტის კუნძულ ნანტუკეტზე ატარებენ. ოჯახური ტრადიცია სათავეს 1975 წლიდან იღებს.

პირველმა ლედიმ საზოგადოებას დღეს ოჯახური რეცეპტები გაუზიარა. მათ შორისა ინდაურის შიგთავსის სურნელოვანი რეცეპტი, იტალიური პურით, რომელიც ჯილ ბაიდენის ბებიას ეკუთვნის.

„ოჯახური რეცეპტები, რომლებიც თაობებს გადაეცემა, სახალისო ტრადიციები, ერთმანეთის დალოცვა - ეს ყველაფერი მადლიერებით გვავსებს“ - ამბობს პირველი ლედი.