საქართველოს პოსტპანდემიური ამბიციური გეგმა 

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწერსებული შეზღუდვები მსუბუქდება და საქართველო ეკონომიკის აღდენას იწყებს. საზოგადოებას დღეს მთავრობის გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესთავაზა.

11 მაისიდან, საქართველოში განახლდება ყველა სახის წარმოება და გაიხსნება როგორც საცალო ასევე საბითუმო მაღაზიები. წესების შემსუბუქება არ შეეხება მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. დახურული დარჩება დიდი სავაჭრო ცენტრები ე.წ. მოლები.

"ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს,“- აცხადებს გახარია და ამბობს, რომ ბიზნესებისთვის შეღავათები დაწესდება, თუმცა ის დღეს არ აკონრეტებს რა შეღავათებზეა საუბარი.

გიორგი გახარიას განცხადებით, შეღავათების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გაცხადდება და ასევე მთავრობა გაავრცელებს ინფორმაციას ახალი პროტოკოლების შესახებაც, რომლის მიხედვითაც დაიწყება ეკონომიკის ამუშავება.

15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივ ტურიზმს განაახლებს, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს. ამბიციური გეგმის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

„საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, იმისთვის რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მან დღეს აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველო არაერთი ღონისძიების გატარებას გეგმავს. გახარია ამბობს, რომ შეიქმნება ე.წ. უსაფრთხო კორიდორები როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ სახელმწიფოებში. გახარია ამბობს, რომ ამ დროისთვის მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. დღეს, როცა მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ადგენს ჯერ კიდევ სტანდარტებს, თუ როგორ გაიხსნას ევროპაში ტურიზმი, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ადრე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად სასტუმროები გადავაქციეთ, მოგვცა უდიდესი გამოცდილება... ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამნისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები"- თქვა გახარიამ.

აქვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2020 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად განთავისუფლდება ხოლო საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციაში აკრიტიკებენ, თუმცა თვლიან რომ გეგმა სწორ პუნტქებსაც შეიცავს.

„წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში, გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად, დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი. პირველ რიგში, ეკონომიკის სექტორებად დაყოფა მიგვაჩნია არასწორად, ვინაიდან კრიზისი ურტყამს მთლიან ეკონომიკას და ეკონომიკის ყველა სექტორს.

ამიტომ, უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც კეთდება ყველასთვის და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ დამატებით შეღავათებზე. საგადასახადო ტვირთისშემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს არამხოლოდ ტურიზმს, არამედ ყველა ბიზნეს სუბიექტს,“- აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ მისთვის წარმოდგენილი გეგმა დაუჯერებელია, რადგან არ უნახავს ამ გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტი.

"განცხადებები, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენთ, ამის უკან რაღაც ღონისიება დგას - ან ბიუჯეტს აკლდება ფული, თუნდაც საგადასახადო შეღავათის კუთხით, ან ბიუჯეტიდან გაიცემა ფული, თუნდაც სუბსიდირების სახით.

ეს ჩვენ არ ვიცით. ვხედავთ, რომ მთავრობაში რაღაცას ყვებიან, ყვებიან, რაღაცას გვპირდებიან და არაფერი კეთდება. მეორე საკითხია, სწორია თუ არა ის რასაც გვთავაზობენ და რასაც ყვებიან. მაგრამ, დღემდე, რაც მათ უთქვამთ, არაფერი შესრულებულა," - ამბობს გოცირიძე.