კურსი პრაგმატულობისკენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ასალანიამ ბიბისის რუსულ სამსახურს ინტერვიუ მისცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ასალანია ბიბისის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში არაერთ მნიშვნელოვან თემას შეეხო საგარეო პრიორიტეტების, რუსეთთან ურეთოერთობისა და კონფლიქტების დარეგულირების შესახებ. მისი თქმით, კურსი პრაგმატულობისკენ, რაც ივანიშვილის მთავრობას აქვს აღებული, გაცილებით ქმედითი იქნება ურეთიერთობების დარეგულირების საქმეში როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან.
ირაკლი ალასანიამ ბიბისის ეთერში ღიად არაერთხელ განაცხადა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ.
„მე ვარ თავდაცვის მინისტრი ქვეყნისა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამდენად, ჩემი ამოცანაა არ დავუშვათ ესკალაცია რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალში. მაგრამ პრაგმატულობის კურსი, რაც ახალ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის, ჩვენს ხელისუფლებას აქვს აღებული, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა რუსეთთან იმის მიუხედავად, რომ გამოვიარეთ ომი ოთხი წლის წინ. მე ვფიქრობ, რომ ვაჭრობა და კულტურული ურთიერთობები ეს ისაა, საიდანაც უნდა დავიწყოთ.
ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, რომ რუსეთი ახლო მომავალში შეიცვლის პოლიტიკურ აზრს საქართველოს პრიორიტეტებზე იყოს საქართველო ნატოს თუ ევროკავშირის წევრი ან შეიცვლის საკუთარ აზრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. მაგრამ ჩვენ საიდანღაც უნდა დავიწყოთ, ამიტომ მიმაჩნია, რობ ბიძინა ივანიშვილისეული პრაგმატული მიდგომა მოიტანს შედეგებს“,– ამბობს ალასანია.
ირაკლი ალასანიამ ინტერვიუში ისაუბრა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის შესაძლებლობებზე:
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ, დეკლარირებულად გამოვხატეთ ჩვენი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური მოსაზრება ან გეგმა იმის თაობაზე, რომ შევცვალოთ პოლიტიკური რეალობა სამხედრო ჩარევის გზით. ჩვენ არ დავიწყებთ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის ნორმალიზებას კონფლიქტის გამოწვევითა და სამხედრო ჩარევით. ერთადერთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ესაა მოვძებნოთ უფრო მჭიდრო ურთიერთობის გზები ოსებთან და აფხაზებთან ეკონომუკურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში. მე ვფიქრობ ეს გაცილებით სწორი მიდგომაა და მოგვცემს საშუალებას უფრო კონკრეტული ურთიერთკავშირების აღდგენისა, ასევე მოგვცემს საშუალებას მომავალში პოლიტიკური სტატუსის შესახებ დავიწყოთ საუბარი, მაგრამ ახლა ჯერ ეს ადრეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ, აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთად ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე, არამედ იმაზე, რაც ჩვენ ერთად ყველას გვაწუხებს,“– აცხადებს ირაკლი ალასანია.
ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოუწერლობა წარმოადგენს წლების მანძილზე სადავო თემას საქართველო–რუსეთს შორის. ალასანია ამბობს:
„ჟენევის პოცესი, ეს არის ყველაზე მთავარი პოლიტიკური პროცესი. ზურაბ აბაშიძის, პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობა მოიცავს მხოლოდ სავაჭრო უერთიერთობებს, ჟენევაში კი მიმდინარეობს პოლიტიკური დიალოგი. კონფლიქტები განიხილება მხოლოდ ჟენევის პროცესში და საქართველოს ახალი ხელისუფლება მხარს უჭერს ამ პროცესს.
რაც ეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელმოწერის დეკლარაციას. საქართველოს პრეზიდენტმა წელიწად ნახევრის წინ ევროპის საბჭოში დეკლარირებულად განაცხადა, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ძალის გამოუყენებლობაზე. იგივე დავადასტურეთ ჩვენ არაერთხელ სხვა ფორმატების მეშვეობითაც. ვფიქრობ, დროა რუსეთის მხრიდანაც იყოს გადადგმული მსგავსი ნაბიჯები. ომი ხომ იყო რუსეთსა და საქართველოს შორის იყო. რუსეთმა სუვერენული საქართველოს ოკუპირება მოახდინა. ასე რომ ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ ეს უნდა ერთობლივად გადავწყვიტოთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ რუსეთიც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს.ჩვენ მზად ვართ რა თქმა უნდა დეკლარაციაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელი მოვაწეროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს რეალობის ადექვატურად. რეალობა კი ისეთია, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ამდენად ისიც უნდა იყოს ამ დეკლარაციის ნაწილი“.
რამდენად მზადაა საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარებისას გამოიყენოს სამოქალაქო რესურს და იდგმება თუ არა ამ მხრივ ნაბიჯები. მოძრაობა ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ლიდერი მანანა მებუკე ჩვენთან საუბრისას ამბობს: „წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენჯერმე დაესწრნენ შეხვედრას, რაც არასამთავრობო სექტორმა მოაწყო. იგნორირება მათი მხიდან არ იყო. ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ კონფლიქტის მიმართულებით წლების განმავლობაში, აქვთ რესურსი იმისა, რომ რაღაც საინტერესო რეკომენდაციები მიაწოდონ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ამაში პოლიტიკური დატვირთვა არ იქნება. არამედ ვგულისხმობთ თანამშრომლობას იმ ჰუმანიტარული ნორმებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს და რომლიდანაც გამომდინარე შესაძლებელი იქნება ხელი შეეწყოს ნდობის აღდგენას. ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს შორის საინტერესოა ისიც, რომ აპირებენ ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დიდი შეხვედრის ორგანიზებას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.“