საქართველოს პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილიმა პლატფორმა „ექსზე“ (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა, რომ სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის ემზადებიან.
„სამოქალაქო საზოგადოების მასიური მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. "სპეცნაზები" წყლისა და გაზის ჭავლებით, მზად არიან გადავიდნენ მოქმედებებზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის გარშემო ვითარება ბოლო საათის განმავლობაში დაიძაბა. ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავს სამართალდამცავები და სპეციალური დანიშნულების რაზმები. აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ასევე ნახეთ: პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდასპეცრაზმელებმა უკვე დაიკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს! კი ევროპას" მიმდინარეობს. მოქალაქეები ე.წ. "აგენტების კანონის" ხელახალ ინიცირებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციის მოთხოვნა „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. "აგენტების კანონი" ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.