„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც არის ალიანსის მოკავშირე, მაგრამ ჯერ არ არის ალიანსის წევრი. ჩვენ ვმონაწილეობთ უსაფრთხოების [ოპერაციებში] არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მის მიღმაც. ნატოს ღია კარის პოლიტიკა წარმატებაა, როგორც ახალი წევრებისთვის, ასევე თავად ალიანსისთვისაც. გაფართოებას შედეგად მოჰყვა რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდა.“ ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ატლანტიკურ საბჭოში გააკეთა.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმის გამო სურს, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ღირებულებებს, რომლებისაც ჩვენ გვჯერა. ნატო იცავს თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. საქართველოს თავისუფალი სამყაროს წევრობა სურს. [...] ჩვენ ალიანსისგან ძლიერ გადაწყვეტილებებს ველოდებით და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს და არ დაასუსტებს,“ დასძინა მინისტრმა.
ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე, სახელწოდებით, „ნატოს გაფართოების მომავალი,“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლასთან ერთად კომენტარი იმაზეც გააკეთა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ საქართველოსთვისაა მოგებიანი, არამედ ალიანსისთვისაც.
„საქართველო ნატოსთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მათ არ აქვთ ვეტოს უფლება, რომ ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს ალიანსის ნაცვლად. ყველამ იცის, რომ საქართველო ნატოს წევრი იმის გამო არ არის, რომ ეს რუსეთს არ უნდა,“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„დღეს რუსეთმა დამატებით 10 ჰექტარი მიწა მიითვისა. ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი სამხედრო მოსამსახურემ გადმოკვეთა, 30 წლის ქართველი მამაკაცი მოკლა და უპრობლემოდ გადავიდა უკან. ეს არის რუსეთის ცინიზმი," აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე დასძინა, "მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი ერთი კილომეტრით არიან მოშორებული ძირითად გზატკეცილს, რომელზეც ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნავთობისა და გაზის მილსადენები გადის. [...] ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს მშვიდობიანი ევროპა თუ არ არსებობს მშვიდობიანი საქართველო."
"საქართველომ არჩევანი გააკეთა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მოსწონს და ვის არა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კარზე კაკუნს და თქვენ ერთ დღეს ამ კარს გაგვიღებთ,“ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.