ამერიკაში პირდაპირი ჩინური ინვესტიციები შემცირდა

ჩინეთის პირდაპირი ინვესტიციები შეერთებულ შტატებში შემცირდა. კვლევითი ცენტრის "როდიუმ ჯგუფის" მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2016 წლიდან 2018 წლამდე დაახლოებით 80 %-ით შემცირდა.

სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა უძრავი ქონებისა და ტურისტული ბიზნესია. განსაკუთრებით კი საგრძნობი ის საკითხია, რომ ჩინელი ინვესტორები აღარ ყიდულობენ დიდძალ უძრავ ქონებას ისეთ ქალაქებში, როგორებიც ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო ან ლოს-ანჯელესია.

ჩინური ინვესტიციები ამერიკული უძრავი ქონების სექტორში 2015-2016 წლებში პრაქტიკულად გასამმაგდა. მაგრამ ამის საპირისპიროდ, 2018 წელს არც უძრავი ქონების და არც ტურიზმის სფეროში არც ერთი ინვესტიცია 100 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის არ ყოფილა.