აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გამოსწორებას ეცდება

შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ნატოს მოკავშირეებთან პირველ მინისტერიალს დაესწრება.

მოკავშირეებთან შეხვედრაზე ის ამერიკა-ნატოს ურთიერთობაში ტონს შეცვლის, განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ადმინისტრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.

შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მოკავშირეებმა ასევე უნდა განიხილონ გზები, თუ როგორ უნდა გაართვას თავი ნატომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ მზარდ საფრთხეებს.

ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი: ნატო ავღანეთიდან არ გამოვა სანამ ამისთვის სათანადო პირობები არ შეიქმნება

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ „გუნდი მაშინაა წარმატებული, როცა ყველა მოთამაშეს პატივს სცემენ და ენდობიან. ალიანსის მოკავშირეები ამ პატივისცემას ყოველთვის ვერ გრძნობდნენ. ჩვენ ერთმანეთთან კონსულტაციები უნდა გავიაროთ, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ერთად ვიმოქმედოთ.“

პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ოსტინი „დიდ ყურადღებას აქცევს ალიანსთან ურთერთობის განახლებას“ და ამ მიდგომის ფარგლებში თავდაცვის მდივანი დაადასტურებს მოკავშირეებთან, რომ ამერიკა კოლექტიური თავდაცვის პრინციპის, იგივე ნატოს მე-5 მუხლის მტკიცე მხარდამჭერია.

ნატო-ამერიკის ურთიერთობაში ერთ-ერთ პრიორიტეტული თემა ავღანეთია. გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ამერიკამ ავღანეთში დარჩენილი 2500 ჯარისკაცი მაისში ქვეყნიდან უნდა გაიყვანოს.

ჯარის გაყვანაზე ალიანსს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნატოს ქვეყანაში დამატებით 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე პირი ჰყავს.

ასევე ნახეთ: ავღანეთში თალიბანის ქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებებს რისკს უქმნის

„ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში ერთად წავიდნენ. ჩვენ ერთად გამოვნახავთ გამოსავალს და თუ ამისთვის სათანადო დროა, ჩვენ ერთად გამოვალთ იქიდან“, თქვა პენტაგონის ოფიციალურმა პირმა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვები გაიმეორა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ავღანეთიდან იქამდე არ გამოვა, სანამ ადგილზე სათანადო პირობები არ შეიქმნება.

ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა ბოლო პერიოდში სადავო თემად იქცა. შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ თალიბანთან დადებული შეთანხმების შესრულება შეიძლება ვერ მოხერხდეს. ამერიკელი ოფიციალურ პირები აცხადებენ, რომ ავღანეთში ძალადობის დონე ჯერ ისევ ძალიან მაღალია, რაც კითხვებს ბადებს იმაზე, თუ რამდენად ასრულებს თალიბანი დადებულ პირობას.