მას შემდეგ, რაც ევროპის კონტინენტზე ტემპერატურის აღრიცხვა დაიწყო, ევროპაში 2022 წელი, რიგით მე-2 ყველაზე ცხელი წელიწადი გამოდგა. განცხადება ევროკავშირის მეცნიერებმა სამშაბათს, 10 იანვარს გაავრცელეს.
ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახური ტემპერატურას 1950 წლიდან აკონტროლებს. მათი განცხადებით, მთელ მსოფლიოში 2022 წელი რიგით მე-5 ყველაზე ცხელი წელი იყო, სულ ცოტა - 1850 წლიდან მოყოლებული. თუმცა, განსხვავება ყველაზე ცხელ წლებთან მინიმალურია. გასულ ოთხშაბათს ბრიტანეთმაც განაცხადა, რომ 2022 წელი მათთვის რეკორდულად ცხელი იყო.
ასევე ნახეთ:
ევროპა ხანძრების და ძლიერი სიცხის პირისპირ 2022 წლის ზაფხული ევროპაში რეკორდულად ცხელი იყო, განსაკუთრებით - იტალიაში, ესპანეთში და ხორვატიაში. მსგავსი გვალვები ევროპის კონტინენტზე სულ ცოტა 500 წელი არ ყოფილა, მსგავსი ხანძრები კი - ბოლო 15 წელი. უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ გასულ ზაფხულს ევროპაში 20 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის - ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი.ევროპელი მეცნიერები მსოფლიოს ლიდერებს სასწრაფო ქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება და კლიმატის ცვლილებასთან უფრო მეტი ადაპტაცია მოხდეს. მსოფლიოს 27-მა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ 2050 წლამდე ემისიებს ნულამდე დაიყვანენ. მათ შორისაა - ევროპის კავშირი, კანადა, იაპონია და ბევრი სხვა. ჩინეთმა და ინდოეთმა ამ მიზნის მიღწევა ცოტა უფრო გადაავადეს.
ასევე ნახეთ:
233 გარდაცვლილი 4 დღეში - კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა