ევროკავშირი იარაღის წარმოების გაზრდაზე მსჯელობს

ევროპის ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, იარაღის წარმოების გაზრდასა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, სამხედრო წვრთნების გაძლიერებაზე მსჯელობენ.

„ჩვენ საკუთარ მარაგებს ვამცირებთ. უკრაინას იმდენ რესურსს ვაწოდებთ, რომ საკუთარი მარაგები უნდა შევავსოთ“, - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ამის შესახებ ჩეხეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრაღა ბლოკის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებებს მასპინძლობს.

ასევე ნახეთ: გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოებისა და მასში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების მიზანია შეიმუშავონ გზები, რომლის საშუალებითაც, სამხედრო მასალებისა და რესურსების გაერთიანებას, ასევე საბრძოლო მასალისა და იარაღის შეძენას შეძლებენ. მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რომლებიც უკრაინას კვლავ სჭირდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების პირველი პირები ასევე მსჯელობენ, რა როლი შეუძლია შეასრულოს ბლოკმა, უკრაინელი ახალწვეულების წრთვნაში.

რამდენიმე ევროპული ქვეყანა, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში უკვე ახორციელებს უკრაინელი სამხედროების წვრთნებს, თუმცა, ბლოკში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევაში ევროკავშირი ერთობლივად იყოს ჩართული.

დღესვე, მოგვიანებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის მოქალაქეებისთვის სამომავლო სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ იმსჯელებენ.

ევროკავშირმა მაისში უკვე გაამკაცრა სავიზო შეზღუდვები რუსი ოფიციალური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. თუმცა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, - ესტონია, ლიეტუვა, ლატვია, შეზღუდვების დაწესებას რუსი ტურისტებისთვისაც ითხოვს.

ასევე ნახეთ: ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცროს

„რუსეთის მოქალაქეებზე მოგზაურობის მეტი შეზღუდვა უნდა მოქმედებდეს. არ შეიძლება ბონუსები მივცეთ ადამიანებს, ვინც ისეთ პრეზიდენტს, როგორიც პუტინია, მხარს უჭერს“, - აცხადებვს ლატვიის თავდაცვის მინისტრი, არტის ფაბრიკისი.

თუმცა, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდენლია, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზის აკრძალვამ ევროკავშირის ლიდერების ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ღირსეული პარტნიორი 2022“

კრემლის სპიკერი აცხადებს, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას. პესკოვი ამ დისკუსიას, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის „ირაციონალურ და სიგიჟის ზღვარზე მდგომი“ ნაბიჯების ნაწილად აფასებს.

დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის პირდაპირი სამიზნეც რუსეთის მოქალაქეები იქნებიან, მოსკოვის პასუხი მოჰყვება.