მოლაპარაკებები გაყრის შემდეგ - ბრექსიტი

"ბრექსიტის" შემდგომი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი იქამდე განაგრძობს ბრიტანეტთან მოლაპარაკებებს, ვიდრე შეთანხმება შესაძლებელი იქნება - ამის შესახებ გერმანია აცხადებს. როტაციის პრინციპით, ახლა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა სწორედ გერმანიაა.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვადა დარღვეულია. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასე მოქცევაა მართებული“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასიმ.

თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირი იმ შემთხვევასაც განხილავს, თუ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ვერ მოხერხდება.

„ამასთანავე, ვემზადებითი სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც შესაძლოა შეთანხმება ვერ შედგეს“ - განაცხადა მაასიმ.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთი აცხადებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა

გასულ კვირას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები „დასკვნით მომენტს“ უახლოვდებოდა. მაშინ ორივე მხარე, ბრიტანეთიც და ევროკავშირიც აცხადებდა, რომ შეთანხმების შესაძლებლობა მცირე იყო.

შეთანხმების მიღწევის გარეშე ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის თვის ბოლოს უწესრიგო, შეუთანხმებელი გაყრა მოხდება, რაც ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის და მილიარდობით ზარალის საშიშროებას შექმნის.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს დატოვა, მაგრამ ამ წლის ბოლომდე მის ეკონომიკურ სტრუქტურებში რჩება. სავაჭრო შეთანხმების გარეშე ქაოტური ვითარება შეიქმნება. შესაძლოა გაჩნდეს ტარიფები და სხვა ბარიერები, რომლებიც ორივე მხარეს ავნებს, თუმცა ეკონომისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს, რადგან მისი ვაჭრობის თითქმის ნახევარი ევროკავშირზეა მიბმული.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთში შიშობენ, რომ ევროკავშირთან ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმდება ვერ შედგება

ბრიტანეთის მთავრობა “ბრექსიტს” სუვერენიტეტის საკითხად და ქვეყნის კანონმდებლობაზე, საზღვრებზე და წყლებზე “კონტროლის უკან დაბრუნებად” განიხილავს. ბრიტანეთი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს ბრიტანეთი ბლოკის წესებს განუსაზღვრელი დროით დაუქვემდებაროს.