„მყარი და ყოვლისმომცველი სანქციების პაკეტი მზადაა“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა უკვე მოამზადა სანქციები, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამოქმედდება. ლაიენი ამბობს, რომ პაკეტი საკამათო საკითხებსაც მოიცავს და ერთ-ერთი ასეთი თემაა ახალი რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება.

„ჩვენ მოვაზადეთ მყარი და ყოვლისმომცველი ეკონომიკური სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს როგორც უცხოურ კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას, ასევე ექსპორტს, განსაკუთრებით ტექნიკის მხრივ,“- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაამატა, რომ ევროკავშირის სანქციები შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ახლო წრესაც შეეხოს.

ასევე ნახეთ: აშშ-ის მიერ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიკვიდირებულია

„პრეზიდენტ პუტითან და ოლიგარქებთან დაახლოებული ადამიანებისთვის ეს სანქციები საგრძნობი იქნება,“_ ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზებას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვს საზღვრისპირა რეგიონებში უკვე გადაისროლა 120 000-მდე სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ტექნიკა ჰყავს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა კრემლმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენოს. ერთ-ერთი საბაბი პროპაგანდისტული ვიდეოს გამოყენება იქნება, სადაც ასახული იქნება დადგმული თავდასხმა. ვიდეო-ფაბრიკაციის საბაბით, შემდეგ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე გადავა.

ვაშინგტონი ბრიუსელთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ამ დრომდე აგრძელებს სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რუსეთის ეკონომიკისთვის „დამანგრეველი იქნება“. პარალელურად ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის, ხოლო პენტაგონი პოლონეთსა და რუმინეთში დამატებით 3 000 სამხედრო მოსამსახურეს გზავნის.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს და ძალების განლაგებას თავდაცვის ინტერესებით ხსნის. მოსკოვმა ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება დაგმო და აცხადებს, რომ ეს მათთვის მიუღებელია.

Your browser doesn’t support HTML5

როგორი სცენარია შესაძლებელი უკრაინაში