კორონავირუსის გავრცელებათან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდა და მათ ახალი ზომების მიღების შესახებ აუწყა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარასკევს ღამის 12 საათიდან, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპიდან რეისების და ტვირთის მიღებას 30 დღის ვადით წყვეტს. ტრამპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთზე.
გარდა ამისა, პრეზიდენტი ამბობს, რომ თეთრი სახლი მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას გეგმავს. მათი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების გამო, ამერიკული ბიზნესებისთვის ზიანის შემცირებისკენ იქნება მიმართული. გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 8.3 მილიარდი დოლარი.
The Media should view this as a time of unity and strength. We have a common enemy, actually, an enemy of the World, the CoronaVirus. We must beat it as quickly and safely as possible. There is nothing more important to me than the life & safety of the United States!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 11, 2020
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: "ეს დრო უნდა განხილული იყოს, როგორც ერთიანობის და სიმტკიცის დრო. ჩვენ გვყავს საერთო მტერი, მთელი მსოფლიოს მტერი - კორონავირუსი. ჩვენ უნდა დავძლიოთ ის რაც შეიძლება სწრაფად და საშიში შედეგების გარეშე. ჩემთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება"
ასევე ნახეთ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა