სანქციები ირანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ

სანქციები ირანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ

ირანელი ინდივიდუალური პირების, ბიზნესებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესაზღუდად ამერიკა ახალი ეკონომიკური სანქციების დადგენას აცხადებს.

შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუციის სპონსორია, რომლებიც ბირთვული პროგრამის განვითარების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ხაზინის მდივანმა ტიმოთი გეიტნერმა პირველად გამოაცხადეს, რომ ამერიკა სანქციებს აწესებს ინდივიდუალურ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ.

სანქციები ირანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ

ქალბატონმა კლინტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას იმ ადამიანების სახელები ჩამოთვალა, რომლებიც საპრეზიდენტო ბრძანების თანახმად, ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ და მათ უსამართლოდ აპატიმრებენ, სცემენ, აწამებენ და კლავენ. პრეზიდენტმა ობამამ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

ქალბატონმა კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ირანში მდგომარეობა „სტაბილურად უარესდება.“ მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ დარღვევებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ კონგრესმა საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც ობამას ადმინისტრაციას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საშუალებას აძლევს.

სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლება ავიწროვებს და დევნის აქტივისტებს, ბეჭდვითი პრესისა და პოლიტიკური პატიების წარმომადგენლებს, რომლებიც თეირანის პოლიტიკას აკრიტიკებენ. მისივე თქმით, გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ გაკეთებული განცხადება ირანში ადამიანის უფლებების თაობაზე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას.

„ამ საპრეზიდენტო ბრძანების დამტკიცებით, პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ნებისმიერ ქვეყანაში დაიცავს. და როგორც პრეზიდენტმა ობამამ გასულ კვირას ნიუ იორკში ბრძანა, ჩვენ ხმამაღლა განვაცხადებთ უფლებების შეზღუდვის შემთხვევებს და იმ მთავრობებსა და ადამიანებს, რომლებიც მათ არღვევენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ,“ აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.

ხაზინის მდივანმა ტიმოთი გეიტნერმა განაცხადა, რომ მოსოფლიოში ბევრი ქვეყანა დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას:

„როდესაც ჩვენ ინდივიდუალური პირების სახელებს ვაცხადებთ და მათ დარღვევებში ვამხელთ, ბანკები, ბიზნესები, და მთავრობები მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურ და ეკონომიკურ კავშირებს წყვეტენ ამ ადამინებთან, ინსტიტუტებთან თუ ბიზნესებთან. ეს სტრატეგია ძალიან ეფექტურია.“

ქალბატონმა კლინტონმა ირანის თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან განიხილა. ევროკავშირისა და ამერიკის პირველი დიპლომატები იმედს გამოთქვამენ, რომ თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს დაუბრუნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირანის მიერ მოლაპარაკებების განახლების შეთავაზება ევროკავშირის მხრიდან კვლავ უპასუხოდ რჩება.