შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაგმო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი მორიგი დაპირისპირება. ვაშინგტონი ორივე მხარეს მოუწოდებს პატივი სცენ და დაიცვან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება.
"შეერთებული შტატები მოუწოდებს სომხეთს და აზერბაიჯანს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ შინაარსიან დისკუსიებს, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ქუდის ქვეშ მიმდინარეობს, კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური რეზოლუციის მისაღწევად" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.
We condemn the escalation of violence along the border between Armenia and Azerbaijan. Only a comprehensive resolution can normalize relations between the two countries. We urge Armenia and Azerbaijan to return to discussions under the OSCE Minsk Group. https://t.co/0Q2Vov5lbj
— Ned Price (@StateDeptSpox) July 29, 2021
ოთხშაბათს სიტუაცია სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ისევ გამწვავდა მას შემდეგ, რაც ერევანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ძალებს შორის მომხდარ სროლებში სომხეთის სამი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ძალებმა საზღვარზე მათ პოზიციებს შეუტიეს. მომხდარში 4 სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, დაბომბვის გამო, მათ მხარეს ორი ჯარისკაცია დაჭრილი. ბაქო ყარაბაღის რეგიონში მომხდარ "პროვოკაციებს" მეორე მხარეს აბრალებს.
მოგვიანებით, შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, ორივე მხარე დათანხმდა რუსეთის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი იყო ექვსკვირიანი ომის შემდეგ, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში გასულ წელს დასრულდა.