სეკვესტრის მოლოდინში

ამერიკაში ბიუჯეტის შეკვეცამდე ერთი დღე რჩება

Your browser doesn’t support HTML5

ბიუჯეტი

თუკი 1 მარტამდე კონგრესი და პრეზიდენტი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ბიუჯეტში ავტომატური შეკვეცა დაიწყება. საერთო შესაკვეცი თანხა 85 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ჯონ ბერნანკის განცხადებით, თუკი კანონმდებლები და პრეზიდენტი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, დანახარჯების მასობრივი შეკვეცა ამერიკის ეკონომიკურ გამოჯანსაღებას საფრთხეს შეუქმნის. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.
ვაშინგტონში საბიუჯეტო საკითხზე პროგრესის ნიშნები არ ჩანს. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ კი კანონმდებლები გააფრთხილა, რომ მათი უმოქმედობა ამერიკის ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას.

„სამუშაო ადგილებსა და შემოსავლებზე უარყოფითი ეფექტის გარდა, ისედაც ნელა მიმდინარე გაჯანსაღების პროცესი კიდევ შენელდება,“ - განაცხადა ბერნანკიმ.

საფრთხის მიუხედავად, ვაშინგტონში თითის გაშვერის პოლიტიკა უფრო მოქმედებს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ჯონ ბეინერი ამბობს, რომ ამჟამად პრეზიდენტის და სენატის მოქმედების ჯერია.

„წარმომადგენელთა პალატამ ორჯერ იმოქმედა. მესამე ნაბიჯის გადადგმას აღარ ვაპირებთ, ვიდრე სენატი არ დაიწყებს თავისი საქმის შესრულებას,“ - ამბობს ბეინერი.

ავტომატური შეკვეცები ფედერალური ბიუჯეტის სამ პროცენტს შეადგენს. ეს შეეხება ყველა სამთავრობო უწყებას - თავდაცვიდან და საზღვრის დაცვიდან დაწყებული საკვების ინსპექციით დასრულებული.
თეთრი სახლი ბიუჯეტისადმი დაბალანსებულ მიდგომას ითხოვს, რაც მოიცავს, როგორც დანახარჯების შეკვეცას, ასევე გადასახადების გაზრდას.

„ეს შეკვეცები არ უნდა მოხდეს. კონგრესს მცირე კომპრომისის ფასად
ამ ვითარების შემობრუნება შეუძლია,“
- აცხადებს პრეზიდენტი.

რესპუბლიკელები პრეზიდენტის შეშფოთებას არ იზიარებენ. ლუიზიანას შტატის გუბერნატორი, რესპუბლიკელი ბობი ჯინდალი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელი ხალხის დაშინება უნდა შეწყვიტოს, რადგან მთავრობას შეუძლია სამ პროცენტზე ნაკლები შეკვეცის განხორციელება, ისე რომ არ დაზარალდეს არც ჯანდაცვა და არც საკვების უსაფრთხოება.
ეკონომისტი უილიამ გეილი ამბობს, რომ რესპუბლიკელები თავისი სიჯიუტით ეკონომიკური რეალობის იგნორირებას ახდენენ.

„ჩვენ ეკონომიკის გაძლიერებაზე და დანახარჯების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ და არა შეკვეცაზე,“ - ამბობს გეილი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რესპუბლიკელებს სეკვესტრის განხორციელება პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის სურთ. ზოგიერთის ექსპერტი ვარაუდოსბ, რომ ამ ნაბიჯით რესპუბლიკელების რეიტინგი გარკვეულწილად მართალია გაიზრდება, თუმცა ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ.