მაკრონი ამაზონის ტყეების ხანძარს საერთაშორისო კრიზისად მიიჩნევს

ბრაზილიის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ფრანგ კოლეგას მისი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში ადანაშაულებს. ბოლსონაროს გაღიზიანება მაკრონის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, ხანძარი ამაზონის ტყეებში დიდი შვიდეულის სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს.

"ამაზონის ტყეები, რომელიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20 %-ს გამოიმუშავებს, იწვის. ეს საერთაშორისო კრიზისია", - დაწერა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს "ტვიტერზე". მაკრონის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სახლი იწვის.

ამაზონის ტყეები, რომელსაც მეტსახელად პლანეტის ფილტვებს უწოდებენ, რეკორდული მასშტაბით იწვის. ხანძარი აღრიცხვის დაწყებიდან დღემდე, ისტორიულად ყველაზე ძლიერია.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ასევე გამოთქვა შეშფოთება. სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსთა კონფერენციის წარმომადგენლებმა ხანძარს "ტრაგედია" უწოდეს და თქვეს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ ამაზონის ტყეების გადასარჩენად.

ბოლსონარო მაკრონის განცხადებას ასევე "ტვიტერით" გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ხელისუფლება მზადაა ინფორმაცია გაუზიაროს უცხოელ კოლეგებს, თუმცა მაკრონის მოსაზრება, რომ ეს დიდი შვიდეულის სამიტზე განსახილველი პრობლემაა, ამ უკანასკნელის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე მიანიშნებს, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში აღარ არის. ბოლსონარომ თქვა, რომ ხანძარი შესაძლოა ფერმერებმა სპეციალურად გააჩინეს. გარემოსდამცველები კი მას ადანაშაულებენ იმაში, რომ მისი პოლიტიკა ფერმერებს განვითარების პროექტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მიწების დაწვას აიძულებს.

ამაზონის ტყეებში ამჟამად ათასობით ცეცხლის კერაა, რაც შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ტყეებს, ისე მსოფლიოს. საყოველთაო მოსაზრებით, ეს ეკოსისტემა ჩაუნაცვლებელია.