"ბრიქსის" ლიდერები ინდოეთის დედაქალაქში იკრიბებიან

დელის შეხვედრაზე ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილება

დღეს მსოფლიოს ხუთი ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერები, რომელთაც შემოკლებით "ბრიქსის" ქვეყნებსაც უწოდებენ, ინდოეთის დედაქალაქში მე-4 ყოველწლიურ სამიტზე იკრიბებიან. დელის შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხის განხილვაა დაგეგმილი, დაწყებული გლობალური უსაფრთხოებით, ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებით დამთავრებული.

იმის მიუხედავად, რომ "ბრიქსის" ქვეყნები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა - ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, მათ განვითარების საერთო მიზნები აკავშირებთ. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით ერთ-ერთი ამ ინტერესთაგანი - ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობაა. ამ 5 ქვეყნის მოსახლეობა მსოფლიოს 40 პროცენტს შეადგენს და მათ არამარტო მზარდი ეკონომიკური ძლიერება, არამედ საერთო სისუსტეებიც აკავშირებთ.

კანადაში ბაზირებული "ბრიქსის" კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლი აცხადებს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი "ბრიქსის" განვითარების ბანკის დაფუძნება გახლავთ. საერთო კრედიტი წევრი ქვეყნებისთვის საინვესტიციო საშუალებებისკენ ისე გაუხსნის გზას, რომ ისინი დასავლურ ორგანიზაციებზე აღარ იქნებიან დამოკიდებულნი.